გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ვარშავაში იმყოფებოდნენ

10-12-2018

საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე გამარჯვებული ბაქსვუდის სამეცნიერო სკოლის მონაწილე საჯარო და კერძო სკოლების 10 მოსწავლე, პედაგოგებთან ერთად, პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში საგანმანათლებლო სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.

 

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ქართველი მოსწავლეები და მასწავლებლები ვარშავის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის გენეტიკისა და ბიოქიმიის ინტიტუტს ეწვივნენ, სადაც ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებით მიმდინარე კვლევებსა და ექსპერიმენტებს გაეცნენ. ამასთან, პირადად შეხვდნენ ინსტიტუტის დირექტორს, პროფ. პაველ გოლიკს,  მეცნიერ-თანამშრომლებსა და სტუდენტებს.

 

მოსწავლეები პრუშკოვის ტომაშ ზანის სახელობის სკოლა-ლიცეუმსაც ეწვივნენ, რომელიც სწავლების თანამედროვე მიდგომებითა და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოთი  პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. ქართველმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ნახეს ექსპერიმენტები ქიმიის გაკვეთილზე, პოლონელ თანატოლებთან ერთად ჩაერთვნენ გაკვეთილის მსვლელობაში; დაათვალიერეს ბიოლოგიისა და ფიზიკის კაბინეტები; შეხვდნენ დირექტორს, ევა კრულისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს.

 

ერთი დღე მოსწავლეებმა ვარშავაში მდებარე კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრსა და სამგანზომლებიანი ჩვენების პროექტრით აღჭურვილ პლანეტარიუმში გაატარეს, სადაც შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ სამეცნიერო-სადემონსტრაციო ცენტრში არსებული 450-მდე ექსპონატი და ენახათ ფილმი კოსმოსზე. ექსპონატების უმრავლესობა ინტერაქტიულია და მნახველს საშუალებას აძლევს თავად განახორციელოს ცდა, დააკვირდეს ან გაიაროს ტესტი.

 

ვიზიტი პოლონეთში  საქართველოს  ელჩთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრით დასრულდა. მოსწავლეებმა ელჩისგან განათლების სფეროში და ევროინტეგრაციის კუთხით  საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული თანამშრომლობისა და პერსპექტივების შესახებ მიიღეს ინფორმაცია .

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031