გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მოსახლეობის შემოსავლის 20% აზარტულ თამაშებში იფლანგება

23-01-2018

მარტო 2017 წელს ოჯახის შემოსავალი 12%-ით შემცირდა. ტოტალიზატორებსა და კაზინოებზე მზარდი დამოკიდებულების გამო საქართველოს მოსახლეობის ფულადი შემოსავლის დაახლოებით 20% აზარტულ თამაშებში იხარჯება. ზოგიერთი მოთამაშე კაზინოებსა და ტოტალიზატორებში - შემოსავლის ნახევარს, ზოგიც მთელ ჯამაგირს ტოვებს. როგორც ირკვევა, ყველაზე მეტად ხალხი ტოტალიზატორებზეა დამოკიდებული. მხოლოდ კაზინოებსა და ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულების გამო 2017 წელს მოსახლეობის შემოსავალი 12%-ით შემცირდა. ეს არის ის ხარკი, რომელსაც ადამიანები უხდიან საკრედიტო დაწესებულებებს ან რასაც ადამიანი ოჯახის წევრების მალულად სათამაშო ბიზნესში ხარჯავს.

თუკი მაღალშემოსავლიანი სეგმენტი ძირითადად სამორინეებზეა დამოკიდებული, ტოტალიზატორსა და ონლაინ თამაშებში უბრალო ხალხი მასობრივადაა ჩაბმული, მათ შორის ისეთებიც, რომელთაც საერთოდ არ აქვთ შემოსავალი და ოჯახს ლუკმაპურის სახსარსაც აცლიან. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, საბანკო კრედიტზე დამოკიდებულების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი სწორედ აზარტული თამაშებია.

სიტუაცია არ შეიცვლება, სანამ კანონპროექტში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ცვლილება არ შევა ძალაში. რამდენიმე წელია, რაც ხელისუფლებაში საკანონმდებლო ცვლილებაზე მიდის საუბარი, კანონპროექტზე მუშაობაც დასრულებულია, მაგრამ მისი მიღება ჭიანურდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის შესაბამისი კანონმდებლობით დარეგულირება ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაიწყო. მოგვიანებით, 2012 წელს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანაზე აქტიურად დაიწყო მსჯელობა. მათ შორის, მერვე მოწვევის პარლამენტში აღნიშნული საკითხი არაერთხელ იდგა დღის წესრიგში, თუმცა პროექტის მომზადება ვერ მოხდა.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის დონეზეა, არის ის, რომ აზარტულ თამაშებში ადამიანები, 18-ის ნაცვლად, დაიშვებიან 21 წლიდან. გარდა ამისა, რეგისტრაციისთვის, შესაძლოა, სათამაშო ობიექტზე მისვლა გახდეს სავალდებულო, სადაც ადგილზე შეამოწმებენ, აქვს თუ არა მოქალაქეს თამაშის უფლება. ამასთან, შეიძლება შეიქმნას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ მოქალაქეთა სია. ამ სიაში მოხვედრის შემთხვევაში პირს სამორინეებსა და ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდება.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ირაკლი ბერაია ამბობს, სამუშაო ჯგუფმა, რომლის წევრიც თავად არის, საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა 2017 წლის ნოემბერში დაასრულა.

"ყველა მწვავე საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, აზარტულ თამაშებში ჩართვა, 18-ის ნაცვლად, 21 წლიდან რომ იყოს დასაშვები. პარლამენტში განხილვა რომ დაიწყება, კანონპროექტის დეტალური ანალიზი მოხდება. ჩემი აზრით, აღნიშნული კანონპროექტი არის დაბალანსებული. მისი მიღების შემთხვევაში არც ბიზნესი დაზარალდება და არც ასეთი სოციალური პრობლემები გვექნება, რაც აზარტულ თამაშებში ბავშვების ჩართვის გამო გვაქვს", - აღნიშნავს ბერაია.

რაც შეეხება ონლაინ კაზინოების სრულ აკრძალვას, ბერაიას თქმით, ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილვა არ ყოფილა, თუმცა, მისი აზრით, სრული აკრძალვა არასწორი და არაეფექტური იქნება.

"აკრძალვა სწორი მიდგომა არ იქნება. ამან ზოგიერთ ქვეყანაში ვერ გაამართლა. ჩვენ მესამე ვარიანტი ავირჩიეთ, თუმცა საბოლოოდ განხილვის შემდეგ გადაწყდება, როგორ კანონპროექტს შევიმუშავებთ. იგი იქნება ეფექტური, თუკი ჩვენ რეგულაციების გზას ავირჩევთ. აკრძალვის შემთხვევაში აზარტული თამაშები ქუჩაში  გადაინაცვლებს, რაც გაზრდის კრიმინალს, პატიმრების რაოდენობას.  ჩვენი მიზანი არ არის, რომ ციხეში მეტი ადამიანი იჯდეს", - აცხადებს ბერაია.

სპეციალისტების შეფასებით, მოქალაქეები აზარტულ თამაშებში შემოსავლის სულ უფრო მზარდ ნაწილს ხარჯავენ. დამოკიდებულება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მისგან თავის დაღწევა. როგორც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" განმარტა, საბანკო კრედიტზე დამოკიდებულების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი სწორედ აზარტული თამაშებია.

"ადამიანები ბანკიდან იღებენ კრედიტს ოჯახის სხვა წევრებისგან ფარულად, შესაძლოა, ბინა იპოთეკით დატვირთონ და აღებული ფულით კაზინოში სცადონ ბედი. ასეთი მაგალითი საკმაოდ ბევრია. ამით ზარალდებიან არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსულებიც. განსაკუთრებით ახალგაზრდების მდგომარეობაა შემაშფოთებელი.

შინამეურნეობების შემოსავლის დაახლოებით 20% სწორედ სხვადასხვა სახის აზარტული თამაშისკენ მიიმართება. საქართველოში, სადაც ყოველი მესამე ოჯახი სიღარიბეს ებრძვის, ეს სავალალო სტატისტიკაა. ასეთ დამოკიდებულებას სამომავლოდ დრამატული ფინალი ექნება არა მარტო მოთამაშეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც მთელ ხელფასს აზარტულ თამაშებში ფლანგავს. შემოსავალი, რომელსაც სახელმწიფო იღებს ამ ბიზნესიდან, სავალალო შედეგის მოგვარებას ნამდვილად არ ეყოფა", - აცხადებს არჩვაძე.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი, ასაკობრივთან ერთად, მოთამაშეებზე შეზღუდვა თანხობრივადაც დაწესდება, რაც მდგომარეობას ცოტათი შეცვლის.

"გარკვეული ფულადი ზღვარის აწევა კაზინოში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტების ინტენსივობას ასეთ დაწესებულებებში აშკარად შეამცირებს. თავის დროზე ნაბიჯი გადადგა შევარდნაძემ თბილისიდან კაზინოების გატანის მიმართულებით, მაგრამ ეს საკითხი განუხორციელებელი დარჩა. ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, მაგრამ დამანგრევლად მოქმედებს მოსახლეობის კეთილდღეობაზე სესხებზე დამოკიდებულების ზრდა და დიდი ფულის ხარჯვა აზარტულ თამაშებში.

მოსახლეობას 2013 წლის შემდეგ შემოსავალი კი არ გაეზარდა, არამედ შეუმცირდა. მარტო კაზინოებსა და ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულების გამო 2017 წელს ოჯახის შემოსავალმა 12%-ით იკლო. ეს არის გასაშუალებული მაჩვენებელი, მაგრამ არის მოსახლეობის კატეგორია, ვისაც კიდევ მეტად შეუმცირდა განკარგვადი თანხა. ზოგიერთი ხელფასის ნახევარს ტოტალიზატორებში და კაზინოებში ტოვებს", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" სოსო არჩვაძემ.

გაზეთი "რეზონანსი"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930