გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Foreign Policy» (აშშ): აშშ-ს ელჩობის კანდიდატს საქართველო თანხმობას სააკაშვილისადმი სიმპათიების გამო არ აძლევს?

12-12-2018

გავლენიანი ამერიკული გამოცემა, «Foreign Policy»-ი ეხმაურება ფაქტს, რომ ქართული მხარე შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას ელჩის თანამდებობაზე, აგრემანს (თანხმობას) არ აძლევს.

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ რობი გრემერისა და ემი მაკინონის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას თავისუფალი თარგმანით:


ამერიკელი პროფესიონალი დიპლომატის კანდიდატურაზე, რომელიც საქართველოში ელჩად უნდა დანიშნულიყო, კავკასიურმა ქვეყანამ უარი განაცხადა. დიპლომატიური წყაროების თანახმად, მიზეზი, როგორც ჩანს, ისაა, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის აზრით, ელჩობის კანდიდატი კეთილგანწყობილია ქვეყნის პროდასავლურ ექს-პრეზიდენტის მიმართ.


როგორც ვაშინგტონში Foreign Policy-ს მოქმედმა და ყოფილმა დიპლომატებმა უთხრეს, საქართველომ უარი განაცხადა დიპლომატიური აგრემანის (თანხმობის) ხელმოწერაზე ბრიჯიტ ბრინკისათვის - აშშ-ის დიპლომატიური უწყების გამოცდილი ჩინოვნიკისათვის, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ევროპაში, ასევე საქართველოში და რომელსაც, სავარაუდოდ, კარგი დამოკიდებულება აქვს მიხეილ სააკაშვილთან.


თუმცა ორივე ქვეყნის ჩინოვნიკებმა Foreign Policy-სთან საუბარში აღნიშნეს, რომ ვარაუდები იმაზე, თითქოსდა ბრიჯიტ ბრინკი მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს, სადაოა და შეიძლება სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს. მათი აზრით, ბრიჯიტ ბრინკი პროფესიონალია, რომელსაც არასოდეს არ მიუცია უპირატესობა არც მიხეილ სააკაშვილისათვის და არც მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“. ერთ-ერთმა ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას აქტიურად უჭერდა მხარს „კულისებიდან“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უეს მიტჩელი.


რაც შეეხება თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტს, ამ უწყებამ უარი თქვა სიტუაციის კომენტირებაზე და აღნიშნა, რომ ეს თეთრი სახლის პრეროგატივაა. თავის მხრივ, კომენტარის გაკეთება არ ისურვა არც თეთრმა სახლმა, რომელსაც ჯერ არ გამოუცხადებია ოფიციალურად ელჩის დანიშვნა თბილისში. კომენტარზე დუმილს ინარჩუნებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელიც.


როგორც ჩანს, წინააღმდეგობა ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დანიშვნაზე იმას აჩვენებს, თუ რამდენად განიცადა ევოლუცია საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის პერიოდიდან, რომელიც მგზნებარე პროდასავლელი იყო და რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ გამოდიოდა. 2012 წლიდან საქართველოს მთავრობაში პარტია „ქართული ოცნება“ დომინირებს, რომელიც აგრძელებს ქვეყნის დასავლურ ტრაექტორიას (გზას) და რომელსაც იმავდროულად მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებით აბალანსებს.


რამდენიმე ამერიკული და ქართული წყარო ვარაუდობს, რომ ამ გადაწყვეტილების უკან დგას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუმცა ამ ვარაუდის დადასტურება ძნელია: მილიარდერს, რომელმაც თავისი სიმდიდრის დიდი ნაწილი მოსკოვში, 1990-იან წლებში დააგროვა, არანაირი არჩევითი [სახელმწიფო] თანამდებობა არ აქვს დაკავებული, თუმცა, როგორც ამბობენ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს დიდ როლს ასრულებს.

ბიძინა ივანიშვილის პრივილეგირებულმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ თვეში გამართული არჩევნები მოიგო და დაამარცხა გრიგოლ ვაშაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მხარდამჭერს წარმოადგენს. საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, არჩევნებში ხელისუფლება ჩაერია და გააყალბა. როგორც გია ნოდია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, „ჩვენი ეჭვი გვაქვს, რომ იგი [ბიძინა ივანიშვილი] უშუალო გავლენას ახდენს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე, მაგრამ ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ სფეროში უფრო მეტად. ეს მხოლოდ ვარაუდებია“.


რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შედეგად ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს ფაქტიურად მოსკოვი აკონტროლებს. საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას, რუსეთის გარდა, მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა არ აღიარებს.


2013 წლიდან, როცა მიხეილ სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის ვადა ამოწურა და ქვეყნიდან წავიდა, მისი პოლიტიკური მემკვიდრეობა ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ პრობლემატურად რჩება და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების სათავეში 2003 წელს უსისხლოდ მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა. მომდევნო წლებში ქვეყანაში გატარებული რეფორმები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. იმ პერიოდში საქართველომ გაიარა გზა არშემდგარი სახელმწიფოდან დემოკრატიის რეგიონულ შუქურამდე.


მიხეილ სააკაშვილის სწრაფვა რეფორმებისა და მოდერნიზაციისაკენ დროდადრო იმდენად აქტიური და მიზანმიმართული იყო, რომ იგი კრიტიკოსებმა ავტორიტარული მართვის ტენდენციებში დაადანაშაულეს. მიმდინარე წლის ივნისში მიხეილ სააკაშვილს [თბილისის სასამართლომ დაუწრებლად] ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გამო სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს. ამასთან დაკავშირებით ყოფილმა პრეზიდენტმა ფეისბუქში აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკური თვალსაზრისით იყო მოტივირებული.


როგორ გია ნოდია ამბობს, დღევანდელი მთავრობის წარმომადგენლებს და თვით ბიძინა ივანიშვილს ადრეც უთქვამთ, რომ ამერიკელი ჩინოვნიკები, რომლებიც თბილისში არსებულ საელჩოში მუშაობენ, ექს-პრეზიდენტისა და მისი პარტიის მიმართ სიმპათიებით არიან განწყობილნი.


გიგა ბოკერიამ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიიდან - „ევროპული საქართველოდან“, განაცხადა, რომ შეშფოთებულია ამერიკელი დიპლომატების მიმართ შექმნილი თვალსაზრისის გამო. „იმის თქმა, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი მუშაობა მიმდინარეობს და მასთან დაკავშირებით ოპოზიციის დემონიზაცია ძალიან სახიფათოა“, - აღნიშნა მან. გიგა ბოკერიას პარტია მიხეილ სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2017 წლის დასაწყისში გამოეყო.


საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტი ვაკანტურად რჩება 2018 წლის მარტიდან, როცა დიპლომატმა იან კელიმ თავისი ელჩობის ვადა ამოწურა. ანუ ამას წინათ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მაღალი დონის დიპლომატიური წარმომადგენელი არ იმყოფებოდა. არადა, ოფიციალური პირების თქმით, საქართველოს აქტიური პროამერიკული პოზიციის გათვალისწინებით, აშშ-ის ელჩი ამ ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვიდრე სხვაგან.


ბრიჯიტ ბრიკი, რომელსაც სხვადასხვა თანამდებობებზე 20-წლიანი დიპლომატიური მუშაობის გამოცდილება აქვს, 2005-2008 წლებში აშშ-ის საელჩოში, თბილისში, პოლიტიკური თანამშრომელი იყო, ხოლო 2011-2014 წლებში ელჩის მოადგილის პოსტი ეკავა. 2015 წლიდან იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა ევროპულ-ევრაზიულ საკითხებში.


საქართველო ერთ-ერთია იმ ათეულობით ქვეყნიდან, რომლებიც აშშ-ის ელჩის გარეშე არიან დარჩენილნი პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ.

ყოფილი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მან თანამდებობიდან წასვლის დროს აშშ-ის ბევრი საელჩო ხელმძღვანელის გარეშე დატოვა. მისმა მემკვიდრემ მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ელჩების ვაკანტურ თანამდებობებს რაც შეიძლება სწრაფად შეავსებდა. როგორც ცნობილია, აშშ-ის დიპლომატიური უწყების უფროს თანამდებობებს და ელჩებს პრეზიდენტი წარადგენს და მათ სენატი ამტკიცებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930