გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქართული ჭაჭა მსოფლიოს 10 საუკეთესო გამათბობელ სასმელში შევიდა

25-12-2018

დღეს საქართველოში ჭაჭის რენესანსია და ამ სასმელის უფრო რბილ ვერსიებს თბილისის საუკეთესო რესტორნებში შეხვდებითო - წერს ავტორი.
ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ საშობაოდ გამოაქვეყნა მსოფლიოს 10 საუკეთესო გამათბობელი ალკოჰოლური სასმელის სია, რომელშიც ქართული ჭაჭაც მოხვდა.


სტატიაში აღნიშნულია, რომ ჭაჭას მოაქამომდე ცუდი რეპუტაცია ჰქონდა - როგორც მძიმე სასმელსო. თუმცა, აგრძელებს ავტორი, დღეს საქართველოში ჭაჭის რენესანსია და ამ სასმელის უფრო რბილ ვერსიებს თბილისის საუკეთესო რესტორნებში შეხვდებითო. ისე, კი, წერს ავტორი, ნამდვილი ჭაჭის დასაგემოვნებლად ქართულ სოფელს უნდა ეწვიოთ, სადაც მას პრაქტიკულად ყველა ოჯახი ხდის. სტუმრობისას კი ერთი ან სამი ჭიქის დალევა ნამდვილად მოგიწევთ - ეგრე იციან ქართველებმაო.


ჭაჭის გარდა სტატიაში ისეთი სასმელებიც მოხვდა, რომლებიც ბრიტანელებთან ერთად, ქართველებისთვისაც ეგზოტიკურია. მაგალითად, პოლონური ლუდი სანელებლებით - გლინტვაინის ერთგვარი ნაირსახეობა, სადაც „ვაინს“ „პივო“ ანაცვლებს. პოლონელები ლაგერს მიხაკით, დარიჩინით, თაფლითა და ლიმონით აზავებენ და ზოგჯერ ამ ნაზავში ფორთოხალსაც აგდებენ. ან, თუ ცხელი ლუდი არ მიგიზიდავთ, „ორეხოვკა“ სცადეთ - თხილის არაყია, რომელსაც თხევადი „ნუთელას“ გემო აქვსო - წერს „გარდიანი“.


ტკბილის მოყვარულებისთვის ყველაზე მიმზიდველი ჩილეში გავცრელებული „კოლა დე მონო“ ჩანს. მართალია, სახელი ყოვლად უგემურად ითარგმნება (კოლა დე მონო თურმე მაიმუნის უკანალს ნიშნავს), მაგრამ, აი, ნახეთ - ყავაში შესქელებულ რძეს უმატებენ, ვანილით, მუსკატით, მიხაკითა და დარიჩინით კმაზავენ და გრადუსისთვის პისკოს - ხილის ჭაჭის სამხრეთამერიკულ ნაირსახეობას - უმატებენ. „გარდიანი“ წერს, ლეგენდის თანახმად ეს სასმელი პრეზიდენტ პედრო მონტისთვის შეუქმნიათ, როდესაც მას წვეულებაზე ალკოჰოლი შემოაკლდაო.


ერთი შეხედვით ყველაზე უგემური კი იაპონური ჰირეზაკე ჩანს - უფრო სუპს გავს, ვიდრე საშობაო სასმელს. ცხელ საკეში თევზის დანახშირებულ ფარფლს აგდებენ და სასმისს თავს ახურავენ. ცოტა ხანში კი სარქველს ხდიან და ცეცხლს უკიდებენ. გამათბობელი სასმელია, კვამლის არომატითო - წერს ავტორი.





radiotavisupleba.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031