26-12-2018
აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება გაეროს გენასამბლეის მიერ გლობალური მიგრაციული პაქტის მიღებასა და ამ დოკუმენტისადმი საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ქართული საზოგადოების ნაწილმა გააპროტესტა - მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ აქცია გამართეს და ოფიციალური თბილისის პოზიცია მიუღებლად ჩათვალეს.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ რაუფ ტოფიკოღლუს ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:
„მართალია, „გლობალური საიმიგრაციო პაქტის“ დებულებები, რომელიც გაეროს წევრ-ქვეყნებმა ექვსთვიანი განხილვის შემდეგ მიიღეს, შესასრულებლად სავალდებულო არ არის, მაგრამ დოკუმენტმა მაინც დისკუსია გამოიწვია. მისი მოწინააღმდეგეები ეჭვობენ, რომ პაქტის მიღება მიგრანტების ნაკადის ზრდას გამოიწვევს. თბილისში გამართული აქციის მონაწილეებიც თვლიან, დოკუმენტისადმი თბილისის მიერ გამოხატული მხარდაჭერის გამო საქართველოში აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან მიგრანტების რაოდენობა მოიმატებს.
ობიექტურობიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ საქართველოს დიდ მიღწევებს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების სფეროში, დადებითთან ერთად, ნეგატიური მხარეც აქვს: „რბილი“ კანონმდებლობის და დემოკრატიული პირობების გამო საქართველო მიმზიდველ ქვეყნად იქცა არა მარტო ეგზოტიკის მაძიებელ მოგზაურთათვის, არამედ ყველა ჯურის უსაქმურების, აფერისტების, გაიძვერებისა და ავანტიურისტებისათვის პლანეტის სხვადასხვა კუთხეში არსებული ქვეყნებიდან. რასაკვირველია, ასეთ სიტუაციას არ შეიძლებოდა არ გამოეწვია უარყოფითი რეაქცია ქართულ საზოგადოებაში - მთლიანად თუ არა, მის გარკვეულ ნაწილში მაინც. ფაქტია, რომ საქართველოში მიგრანტების უდიდესი ნაწილი სწორედ აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან არიან, რაც სასიხარულო ნამდვილად არ არის“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
გაეროს დოკუმენტში ნათქვამია, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც მიგრანტებს იღებენ, თავიანთი კანონმდებლობით ლტოლვილებს ცხოვრების პირობები უნდა შეუქმნან, მათი უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყონ და დაეხმარონ მესამე ქვეყნებში წასვლისათვის. მაგრამ საპროტესტო აქციის მონაწილეები თვლიან, საქართველო მზად არ არის მიგრანტთა დამატებითი რაოდენობის მისაღებად. სტატიაში ციტირებულია აქციის მონაწილის, პარტია „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას თვალსაზრისი, რომელიც თვლის, რომ სოციალური და დემოგრაფიული მდგომარეობის გამო საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას აზიელი და აფრიკელი ლტოლვილების შემოსვლაზე ქვეყნის ტერიტორიაზე. „აქვე ავღნიშნავთ, რომ ჯონდი ბაღათურია მხარს უჭერს საქართველოსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობის დამყარების იდეას - მისი აზრით, მხოლოდ რუსეთს შეუძლია საქართველოსადმი დახმარების გაწევა ქვეყნის „მთლიანობისა და იდენტურობის შენარჩუნების საკითხში“, - ხაზს უსვამს ავტორი.
„თავის მხრივ, ქართული დიპლომატიური უწყება აცხადებს, რომ გაეროს საიმიგრაციო პაქტისადმი საქართველოს მხარდაჭერა ქვეყანას რაიმე სამართლებრივ ვალდებულებებს არ აკისრებს და ამ დოკუმენტის მიზეზით მიგრანტების რაოდენობა არ მოიმატებს“, - წერს ავტორი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განმარტებას იმოწმებს.
მაინც როგორია სტატისტიკა საქართველოში უცხოელთა ყოფნის თაობაზე? ქვეყანაში ამჟამად 100 ათასამდე უცხოელი მოქალაქე ცხოვრობს. მიგრანტების მესამედმა ნაწილმა - დაახლოებით 70 ათასმა - ბინადრობის მოწმობები 2012-2016 წლებში მიიღეს. მათგან 10 ათასი უცხოელი სტუდენტია. უფრო გვიანი წლების მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
სტატიაში მოკლედაა მიმოხილული საქართველოს საიმიგრაციო კანონმდებლობა, კერძოდ, ავტორი საუბრობს ბინადრობის მოწმობების სახეებზე, ვის შეუძლია ისარგებლოს და რა პირობებით - მაგალითად, კერძო საკუთრების შეძენის სედეგად, 35 ათასი დოლარის ფარგლებში. „თუმცა კანონმდებლობაში არის ერთგვარი „ხვრელები“, რითაც უცხოელები სარგებლობენ - იყიდის ბინას 35 ათასად, მიიღებს ბინადრობის მოწმობას და შემდეგ ნაყიდ ბინას სხვაზე ყიდის ან ჩუქნის, ანუ მას, ვისაც ბინადრობის მოწმობის მიღება სურს. ასეთი მაქინაციებით ქონება თავის მფლობელს მოკლე დროში 15-ჯერ იცვლიდა ხოლმე“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იოსებ არჩვაძე ამბობს, მოქალაქეთა უკმაყოფილებას იწვევს ის გარემოება, რომ მიგრანტები საქართველოში ძირითადად დაბალი ცხოვრების დონის მქონე ქვეყნებიდან შემოდიან. „ბოლო წლებში ქვეყნის ხელისუფლება ამ საკითხის მიმართ აბსოლუტურ ინდეფერენტულობას იჩენს. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც თურქული და არაბული რესტორნები მუშაობენ, ქართული რესტორნის გახნა უკვე იშვიათობად იქცა. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მიგვანიშნეს, რომ საქართველო ნელ-ნელა არალეგალური მიგრანტებისათვის [ევროპაში გადასასვლელად] შუალედური პუნქტი ხდებაო. ასეთი გაფრთხილების მიღების შემდეგ, ხელისუფლებამ პრობლემის გადაწყვეტას ცდილობს“. „მაგრამ ამ შემთხვევაშიც, - ამბობს იოსებ არჩვაძე, - ზედმეტი რადიკალურობა არ უნდა გამოვიჩინოთ და უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ - აუცილებელია გონივრული ბალანსის დაცვა, რათა კანონმორჩილი უცხოელი ინვესტორების ინტერესები არ შეილახოს“.
„ძნელია, რომ ამგვარ მოსაზრებას არ დაეთანხმო“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.