3-01-2019
რუსული გამოცემის, «Взгляд»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია სიტუაცია, რომელიც ეხება სამი მართლმადიდებელი ეკლესიის - უკრაინის, საქართველოს და რუსეთის ეკლესიების ურთიერთობას. მასში დასმულია კითხვები და მოცემულია სავარაუდო პასუხები: რა შეიძლება მოჰყვეს იმ ფაქტს, თუ ქართული ეკლესია, ერთი მხრივ, რუსეთის ეკლესიისაგან შერისხულ, მაგრამ მეორე მხრივ - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაგან მხარდაჭერილ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი nsp.ge გთავაზობთ ალექსი ნეჩაევისა და ალექსანდრე კოლპაკოვს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:
„ქართველი იერარქების წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ ზოგიერთი ქართველი მღვდელმთავარი, მათ შორის წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე აცხადებს, რომ ქართული ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებსო, მაგრამ მათი ნათქვამი ჯერ-ჯერობით კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს არ დაუდასტურებია. რუსეთის ეკლესია იმედოვნებს, რომ ილია მეორე ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს. მაგრამ ვთქვათ და ქართულმა ეკლესიამ „კიეველი რასკოლნიკები“ აღიარა, რით შეუძლია მოსკოვმა თბილისს უპასუხოს?“, - ასეთი კითხვაა დასმული სტატიაში, რომლის ავტორები კომენტარებისათვის ექსპერტებს მიმართავენ.
„მართლმადიდებელი ექსპერტების ასოციაციის“ ხელმძღვანელი კირილ ფროლოვი ამბობს, რომ ზოგიერთი ქართველი მღვდელმთავარი მოვლენებს წინ უსწრებს და სასურველს სინამდვილედ ასაღებს. „ჭეშმარიტი სინამდვილე კი ისაა, რომ წმინდა სინოდს ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია. ასეთი დეზინფორმაციები ადრეც ვრცელდებოდა ხოლმე. სინოდში ბრძოლა ყოველთვის მიდის, თუმცა ქართული ეკლესია მხარს უჭერდა და ახლაც რუს ძმას უჭერს. იმავდროულად, ქართული ეკლესიის ლიბერალური ფრთა ცდილობს სიტუაცია ისე წარმოადგინოს, რომ ზოგიერთი იერარქის აზრი მთელი სინოდის აზრია. თუ ლიბერალური ლობი წარმატებას მიაღწევს და ქართული ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს, ეს ნიშნავს, რომ ქართული ეკლესია მართლმადიდებელი დოგმების ველიდან გასულად ჩაითვლება ისევე, როგორც გავიდა პატრიარქი ბართლომე. ანუ სავარაუდოდ, თუ საქართველოს ეკლესია აღიარებს ვინმე სერგეი დუმენკოს უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტად, მაშინ რუსეთის ეკლესია, უბრალოდ, ვალდებული იქნება თბილისს შეახსენოს თავისი კანონიკურ უფლებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე“, - ამბობს ექსპერტი და ამატებს, რომ რუსეთის პატრიარქი კირილე შანტაჟს არ მოითმენს.
ამასობაში კი სოხუმში და ცხინვალში იმედი აქვთ, რომ რუსეთი საბოლოოდ აღიარებს ადგილობრივი ეკლესიების დამოუკიდებლობას. მკითხველებს შევახსენებთ, რომ დღემდე მოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მრევლს საქართველოს ეკლესიის ნაწილად თვლის, თუმცა დიდი ხანია ორივე თბილისს არ ემორჩილება და მოსკოვს თხოვენ ქართული ეკლესიისაგან დამოუკიდებლობის აღიარებას.
როგორც ჩანს, არაა გამორიცხული, რომ სიტუაცია მოძმე ეკლესიებს შორის შეიძლება კონტროლს არ დაექვემდებაროს. თუ ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის უთანხმოება გაღრმავდება, მაშინ მოსკოვის პატრიარქს შეუძლია თბილისელ ძმებს უკიდურესად მძიმე სიმბოლური დარტყმა მიაყენოს - საერთოდ გააუქმოს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით ჰიპოთეტურად.
როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, 1801 წელს, საქართველოს რუსეთის იმეპრიასთნა მიერთების შემდეგ, დამოუკიდებელი ქართული ეკლესია გაუქმდა და იმ დროიდან რუსული ეკლესიის ნაწილად იქცა - ქართული ეგზარქატის სახით. ასე იყო 1917 წლამდე. რევოლუციის შემდეგ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ისევ გამოაცხადა თავისი ავტოკეფალიის აღდგენა, თუმცა მოსკოვის საპატრიარქომ მისი ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წელს აღიარა.
სიტუაციის პიკანტურობა იმაში გამოიხატება, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ანალოგიური გადაწყვეტილება მხოლოდ 1990 წელს მიიღო. ამრიგად, ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, პატრიარქ კირილეს შეუძლია 1943 წლის გადაწყვეტილება გააუქმოს, თუ იგი თავისი კონსტანტინოპოლელი კოლეგის - ბართლომეს სტილით იმოქმედებს, რომელიც ძალიან იოლად აუქმებს თავისი წინამორბედების მიერ მრავალი ასწლეულის წინ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევროპის ინსტიტუტში არსებული რელიგიისა და საზოგადოების პრობლემების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი რომან ლუნკინი თვლის, რომ ქართველი მართლმადიდებლებისათვის შედარებით უფრო მტკივნეული იქნება რუს ერთმორწმუნეებთან კავშირების გაწყვეტა და არა სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების ავტოკეფალიის აღიარება, ან თუნდაც 1943 წლის გადაწყვეტილების გაუქმება. „უბრალოდ, ადგე და შენი გადაწყვეტილება უკან გაიწვიო, არ შეიძლება. ავტოკეფალიის სტატუსის გადახედვა არალოგიკურია. ჩვენი პატრიარქის კირილეს პოზიცია ყოველთვის ყველა ეკლესიის კანონიკური ტერიტორიების აღიარებას და მათ განუყოფლობას ეფუძნება. ამ შემთხვევაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქართული ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიებს წარმოადგენს. სხვათა შორის, ყირიმი უკრაინის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად ითვლება და იქ მხოლოდ უკრაინის ეკლესია არსებობს, მოსკოვი პირდაპირ მართვას არ ახორციელებს“, - განუმარტა რომან ლუნკინმა „ვზგლიადს“.
მისი ვარაუდით, საეჭვოა, რომ თბილისმა ე.წ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აღიაროს: „ქართულ ეკლესიას ხომ არ სურს, რომ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც დიდი ხანია თბილისისგან დამოუკიდებლობას ესწრაფვიან, ავტოკეფალია ჰქონდეთ? ცხადია, რომ არ სურს. მაგრამ თუ ქართული ეკლესია, ვთქვათ, უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებს, მაშინ ეს, მოსკოვის საპატრიარქოს პოზიციით, ძალიან არამეგობრული ნაბიჯი იქნება, რომელიც ქართული ეკლესიასთან განხეთქილების გაჩენის მანიშნებელია. რუსეთის ეკლესიის სინოდი იძულებული გახდება დროებით გაწყვიტოს ურთიერთობა ქართულ ეკლესიასთანაც“, - წინასწარმეტყველებს რომან ლუნკინი.
ზოგიერთი სხვა ექსპერტის ვარაუდით, საეჭვოა, რომ რუსეთის ეკლესიამ აღიაროს ან უფრო მეტიც - თავის შემადგენლობაში მიიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მრევლი.
„რუსეთის ეკლესიის მცდელობა რაღაც გააკეთოს აფხაზეთში - ქართული ეკლესიის სინოდის სავარაუდო განცხადების გამო - წარმატებული არ იქნება“, - ამბობს ცნობილი თეოლოგი, მოსკოვის საპატრიარქოს პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი. – „თუ რუსეთი რაიმეს დაიწყებს, შესაძლოა თავდაპირველად მცდელობა წარმატებული იყოს, შესაძლოა აფხაზეთმა რუსეთისაგან გაგზავნილი ეპისკოპოსი მიიღოს, მაგრამ ისინი მაინც საბოლოოდ დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვენ, ანუ ამ საკითხში სირთულეები არსებობს. თვით კონსტანტინოპოლისთვისაც კი, რომელიც უკრაინაში შევიდა, ძნელი აღმოჩნდა ფილარეტისა და მაკარის ერთმანეთთან შერიგება. მით უმეტეს, კიდევ უფრო რთული იქნება შეთანხმება ისეთ მრევლთან და მათ ლიდერებთან, როგორიც აფხაზეთშია“.
ანდრეი კურაევი ყურადღებას აქცევს იმ გარემოებასაც, რომ თვითონ ქართულ ეკლესიაშიც მტკიცე ერთიანობა არ არსებობს და შესაძლოა ხელმძღვანელობაში ცვლილებაც მოხდეს. „ასე რომ, თბილისში სულ სხვანაირი თამაში დაიწყება, რადგან რუსეთთან მიმართებით იქაურ ეპისკოპოსებში არანაირი კონსენსუსი არ არსებობს“, - ამბობს პროტოდიაკონი.