გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა ინტერვიუ
სომხეთის რკინიგზის დილემა: რუსეთთან ერთად თუ მის გარეშე?

19-01-2026

სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტისა და კომუნიკაციების გახსნა კვლავ ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ თემად რჩება. სომხეთი აცხადებს, რომ რეგიონული იზოლაციიდან გამოსვლისკენ “სტაბილურად და თანმიმდევრულად“ მიდის და ამ პროცესში მთავარ პარტნიორად შეერთებულ შტატებს ხედავს.



ამ ეტაპზე ერევანი და ვაშინგტონი მუშაობენ TRIPP-ის პროექტზე, რომლის განხორციელების ჩარჩო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკვე შეათანხმეს. მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, სადაც განსაზღვრულია პროექტის სამართლებრივი და ფინანსური პარამეტრები, მათ შორის პასუხისმგებლობებისა და წილების განაწილება.



TRIPP – “ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ – სომხეთის ტერიტორიის გავლით უნდა დააკავშიროს აზერბაიჯანი მის ავტონომიურ ანკლავ ნახიჩევანთან. იდეა ტექნიკური ინფრასტრუქტურის ფარგლებს სცდება და რეალურად ეხება სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის ყველაზე მგრძნობიარე საკითხს: ვინ აკონტროლებს კომუნიკაციებს.



წლების განმავლობაში ბაქო მოითხოვდა “ზანგეზურის დერეფანს“, რომელიც აზერბაიჯანს სომხეთის გავლით პირდაპირ დააკავშირებდა ნახიჩევანთან. ერევანი კი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა “დერეფნის“ ლოგიკას, რადგან ეს ტერმინი ქვეყნის სუვერენული კონტროლის შეზღუდვას გულისხმობდა. სომხეთის პოზიცია უცვლელი იყო: გზები უნდა გაიხსნას, მაგრამ სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში.



მხოლოდ 8 აგვისტოს, ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, მარშრუტი სომხეთის სუვერენული კონტროლის ქვეშ დარჩება, ხოლო შეერთებული შტატები პროექტში ბიზნეს პარტნიორის სტატუსით ჩაერთვება. სწორედ აქედან მოდის სახელიც – “ტრამპის მარშრუტი“.



თუმცა ერთი გზა საკმარისი არ არის. სომხეთის სრული განბლოკვისთვის აუცილებელია რკინიგზის ქსელის აღდგენა და გაფართოება თურქეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებამდე. ამ კონტექსტში სადავო რჩება სამი სტრატეგიული მონაკვეთი: იერასხი–ნახიჩევანი, გიუმრი–ყარსი და იჯევანი–ყაზახი. მათი გარეშე სომხეთი კვლავ ნაწილობრივ იზოლირებულად დარჩება.



დეკემბრის შუა რიცხვებში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვს მოუწოდა, საკითხი დაჩქარებულ რეჟიმში გადაწყვიტოს. პრობლემა იმაშია, რომ სომხეთის რკინიგზის ოპერატორი კომპანია “სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ მთლიანად ეკუთვნის “რუსეთის რკინიგზას“. 2008 წელს ერევანმა ხელი მოაწერა კონცესიის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ სომხეთის რკინიგზის მართვა 30 წლით გადაიბარა.



ფაშინიანმა პირდაპირ მიანიშნა, რომ თუ მოსკოვი პროექტის განხორციელებას ვერ შეძლებს, სომხეთი მზად არის, კონკრეტული მონაკვეთები კონცესიიდან დაიბრუნოს და თავად დაიწყოს მათი აღდგენა. ეს განცხადება ბევრისთვის სიგნალია, რომ ერევანი ცდილობს ინფრასტრუქტურულ პოლიტიკაში რუსული გავლენა შეამციროს.



რუსეთის პოზიცია ამ ეტაპზე ბუნდოვანია. პარტია “რესპუბლიკის სახელით“ ლიდერი არმან ბაბაჯანიანი აცხადებს, რომ “რუსეთის რკინიგზა“ და მისი სომხური შვილობილი კომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში არიან და რეალურად ვერ შეძლებენ მასშტაბური სამუშაოების დაფინანსებას.



თუმცა პოლიტოლოგი სამველ მელიქსეთიანი JAMnews-სთან საუბარში სხვა ხედვას გვთავაზობს: მისი თქმით, საკითხი ფულში კი არა, პოლიტიკურ ნებაშია.



“რუსეთისთვის საჭირო თანხების მოძიება პრობლემა არ არის. კითხვა მხოლოდ ისაა, სურს თუ არა მოსკოვს ამ პროექტის ამუშავება იმ ფორმატში, რომელსაც ერევანი და ვაშინგტონი სთავაზობენ რეგიონს,“ — ამბობს ის.



სომხეთისთვის TRIPP მხოლოდ სატრანსპორტო პროექტი არ არის. ეს არის არჩევანი: დარჩეს ძველ გეოპოლიტიკურ ჩარჩოში თუ გადაიყვანოს საკუთარი კომუნიკაციები ახალ, უფრო მრავალპოლუსიან სისტემაში, სადაც აშშ და რეგიონული მოთამაშეები უფრო დიდ როლს ითამაშებენ.


jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031