4-01-2019
რუსული გამოცემის, «Военное обозрение»-ს მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში განხილულია რუსეთისა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ურთიერთობის თავისებურებები. მასში ყურადღება ძირითადად დათმობილი აქვს „მოძმე ხალხების“ ანგარებით დამოკიდებულებას რუსი ხალხის მიმართ - რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მიიღონ რუსეთისაგან, მაგრამ თავიანთი მხრიდან რუსეთის სასიკეთოდ და მხარდასაჭერად არაფერს აკეთებენ, პირიქით - არამეგობრულ და ხშირად მტრულ პოლიტიკას ახორციელებენ.
პუბლიკაციაში გაანალიზებულია:
ა) რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობა (თუ როგორ ითხოვს ალექსანდრე ლუკაშენკო პრეფერენციებს და როგორ აშანტაჟებს მოსკოვს - თუ დაბალ ფასებში არ მისცემს ნავთობს, გაზს და სხვა პროდუქციას, მინსკი „დასავლეთისაკენ შებრუნდება“);
ბ) უკრაინა-რუსეთის დამოკიდებულება (კიევი რუსეთს მტრად მიიჩნევს, მაგრამ მაინც სურს, რომ რუსული გაზი დასავლეთს მისი ტერიტორიის გავლით მიეწოდოს, ანუ რუსეთმა ფული გადაუხადოს და სატრანზიტო შემოსავლები მიიღოს);
გ) მოლდოვა-რუსეთის ურთიერთობა (მოლდოვას პრეზიდენტი იგორ დოდონი რუს კოლეგას ძმობას ეფიცება, მეტი დარწმუნებისათვის პატრიარქ კირილესაც ეწვია და უცნობი ჯარისკაცის საფლავსაც პატივი მიაგო. იგორ დოდონს სამშობლოში უფლებები შეკვეცილი აქვს, იგი ფაქტიურად არაფრის გამკეთებლი არაა, მოლდოვაში მთავარ როლს პრემიერი და პროდასავლელი ოლიგარქი ვლადიმერ პლახოტნიუკი ასრულებს. და მაინც იგორ დოდონმა მოახერხა და ვლადიმერ პუტინს პრეფერენციები გამოსცინცლა - ხელი მოაწერა შეთანხმებას მოლდოვურ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფების გაუქგქმების სესახებ... და ეს ხდება იმ დროს, როცა მოლდოვა ევროპისაკენ მიიწევს, როცა ხდება მოლდოვას „რუმინიზება“, როცა რუსული ენა შეზღუდულია და კიშინიოვი ყველაფერში მოსკოვს ადანაშაულებს...).
დ) რუსეთისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრების - სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის ურთიერთობა (სომხეთის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის პროდასავლური გადახრის სიმპტომები, ყაზახეთ-ყირგიზეთის ანტირუსული დემარშები გაეროში);
სტატიაში განხილულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაც:
„ძმობისა და მეგობრობის“ სიურპრიზებს გვთავაზობს საქართველოც. მას შემდეგ, რაც რუსეთი სამხრეთ ოსეთს დაეხმარა, საქართველოსთან პოლიტიკური და სავაჭრო კავშირებიც შეწყდა. მაგრამ როგორც კი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მესაჭეობას ჩამოშორდა, ოფიციალურმა თბილისმა უპირველესად ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა დაიწყო, თან ძველი და გამოცდილი მეთოდით - ხშირი შეხვედრებით რუს კოლეგებთან, „შეპარულ-მეგობრული“ რიტორიკით, დაპირებებით და შედეგით - მოსკოვმა ქართულ პროდუქციას თავისი ბაზრის კარი გაუღო: ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ნაკადი რუსეთისაკენ, რუსეთიდან ფულის ნაკადი კი საქართველოსაკენ.
მოგვიანებით, ტურისტების მიზიდვის მიზნით, თბილისმა რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმიც გააუქმა, მაგრამ თავისთვის პატარა პუნქტი დაიტოვა - თუ რომელიმე რუსეთის მოქალაქე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იყო ნამყოფი, მისთვის საქართველოში შესვლა აიკრძალა. ანუ ამით ქართველებმა, რომლებიც 2008 წელს რუსებისაგან გარბოდნენ, მაინც სიამაყის იმიჯი შეინარჩუნეს.
და სანამ ნოსტალგიური ლაპარაკი მიდიოდა - რა მაგარი მეგობრები ვიყავით წლების წინათო - თბილისი სულაც არ ფიქრობდა თავისი ნაციონალისტური რიტორიკის შეცვლას. აი, სულ ახლახან პრეზიდენტად არჩეულმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „მე არ ვამბობ იმას, რომე რუსეთი აგრესორი არ არის“.
ნინო ბურჯანაძე კი, რომელიც რუსეთის ტელეარხების ძალიან ხშირი სტუმარია და დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიციური ძალებს ხელმძღვანელობდა, სალომეზე უფრო შორს წავიდა: კომენტარი გაუკეთა რა აფხაზეთში რვაასამდე სირიელი ლტოლვილის ჩასვლას, მან ქვეყნის მთავრობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხელისუფლება უკვე არამარტო აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს კარგავს, არამედ მთელ ქვეყანასო. არადა, ჩვენთან და საქართველოშიც, ნინო და სალომე ლამისაა „პრორუსებად“ ითვლებიან. და თუ საქართველოსთვის ასეთი პოლიტიკა გასაგებია, საოცარია, რუსები რატომ გამოდიან მუდმივად კლინიკურად მოტყუებულები და დაბნეულები?“.