9-01-2019
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილე ზაზა ბოხუასთან ერთად, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები რეგიონულ ჰოსპიტალში მოინახულა.
სოფიო ხუნწარიას თქმით, დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია მთლიანად დაფარავს.
„მინდა, მწუხარება გამოვთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და თანაგრძნობა გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. რაც შეეხება დაშავებულებს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთ დაშავებულს ამ წუთებში უტარდება ოპერაცია. მუნიციპალიტეტი მზადაა დაფაროს მათი მკურნალობის ხარჯები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტომანქანა, რომელიც პაციენტის ჰოსპიტალიზაციას ახორციელებდა, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის შესასვლელს შეეჯახა.
აღნიშნული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ექიმიც. რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაში მყოფ პაციენტს, ის არ დაშავებულა და გადაყვანილია დანიშნულების ადგილას. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.