10-01-2019
იტალიის ქალაქ რეჯო-დი-კალაბრიოში მცხოვრები 85 წლის ბაბუა დომენიკოს ამბები საქართველოში ბევრმა იცის. რამდენიმე თვე დომენიკოს ქუთაისელი ლელა თოლორდავა უვლიდა და სამშობლოდან შორეულ ქვეყანაში სიდუხჭირის გამო გადახვეწილი პროფესიით ჟურნალისტი ქალი იქაურ ამბებს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე აქვეყნებდა. თითოეული დღის ამბავი პატარა ნოველასავით იყო. საქართველოში დაბრუნებულმა, ეს “ნოველები” წიგნად აკინძა. წიგნის სათაური “ბადანტე” იქნება. “ბადანტე” იტალიურ ენაზე მომვლელს ნიშნავს.
ლელა თოლორდავა იტალიაში იმიტომ წავიდა, რომ მის ორ შვილს, ლილეს და ლუკას, საარსებოდ და განათლების მისაღებად ბევრად მეტი სჭირდებოდათ, ვიდრე მას შეეძლო, საქართველოში ეშოვა. იქ სამი თვე გაატარა, მაგრამ იმდენი ნახა და გამოსცადა, ის განცდები მთელი ცხოვრება ეყოფა.
მალევე მიხვდა, რომ ვერც იქაურ შრომას გაუძლებდა და ვერც შვილების გარეშე ყოფნას. შორეული ქვეყნიდან განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, ღია წერილით მიმართა და სთხოვა, სკოლებისთვის მიეხედა, რომ მასა და სხვა დედებს რეპეტიტორებისთვის უზარმაზარი თანხები არ დასჭირვებოდათ და ამის გამო უცხო ქვეყნებში “ბადანტეებად” აღარ წასულიყვნენ. მინისტრმა ჩხენკელმა თოლორდავას იტალიაში დაურეკა და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.
მანამ, სანამ ლელა თოლორდავას წიგნი დღის შუქს იხილავს, ის “სარკეს” უამბობს ქართველების “საოცარ თავგადასავალზე” იტალიაში.
ლელა თოლორდავა: იტალიაში წასვლის გადაწყვეტილება უცბად მივიღე. როცა ჩადიხარ, იქ აუცილებლად უნდა დაგვხვდეს ის, ვინც დასაქმებაში დაგეხმარება. დამსაქმებლებთან ცოცხალი რიგი დგას. ვინც დიდი ხანია უკვე იტალიაშია, ისინი ჰკიდებენ ხელს დამსაქმებლობას და ამითიც შოულობენ ფულს.
მათ აქვთ ნაქირავები სახლი, სადაც მიგიღებენ და რიგის მიხედვით გასაქმებენ. სანამ სამსახურს დაიწყებ, მანამდე ბინის გადასახადი შენც უნდა იხადო, კვების ფულიც გჭირდება…
გამიმართლა. იმ გოგოებმა, ვისთანაც ჩავედი, ჩემით დაიწყეს დამსაქმებლობა და მე-5 დღეს დავიწყე მუშაობა.
– ალბათ გაგიჭირდათ გადაწყვეტილების მიღება, რომ ოჯახი დაგეტოვებინათ. ბევრს იფიქრებდით, იჭოჭმანებდით.
– მქონდა განცდა, რომ სამყაროს ვტოვებდი. გამგზავრების წინა დღეს, ბავშვები რომ სკოლაში გავაცილე, ვფიქრობდი, რომ მათ სკოლაში წასვლას ვეღარასოდეს ვნახავდი, რადგან სამი თვით კი არა, განუსაზღვრელი დროით მივდიოდი. ეს შეგრძნება განგრევს ადამიანს. მინდოდა, ბილეთი დამეხია, მაგრამ ფული ნასესხები მქონდა და ვალებისთვის რა მექნა?!
ცხოვრებაში როგორი სიხარულიც უნდა ვნახო, ემიგრანტობით იმხელა ტრაგედია გამოვიარე, ამ შავ ლაქას, რომელიც ჩემშია, ვერაფერი წაშლის.
წარმოიდგინეთ, როგორი დაღდასმულები არიან ქალები, რომლებიც წლობით არიან წასული და დაბრუნებას ვერ ახერხებენ… რომ ჩავფრინდი და სხვის სახლში გავათენე პირველი ღამე, მაშინვე მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი. იმ დღესვე ვფიქრობდი დაბრუნებაზე, მაგრამ ვალი მაინც უნდა გამესტუმრებინა.
– ბევრი ქართველია ჩასული იტალიაში?
– იმაზე მეტი ქართველი ქალია ჩასული, ვიდრე მოთხოვნაა “ბადანტეზე”. თვეები ელოდებიან სამსახურს და ვალები ედებათ. როცა ჩადიხარ, ცოტა თანხა გაქვს. დამსაქმებელი წინასწარ იღებს ორი კვირის გადასახადს. მერე კი საქართველოდან უგზავნიან ან ერთმანეთისგან სესხულობენ და ვალებში არიან. ზოგი დამსაქმებელი აღებულ ფულს ისევ მათზე აპროცენტებს. მე რომ ცუდი დამსაქმებელი შემხვედროდა, ვეღარც დავბრუნდებოდი ჩემს შვილებთან.
– რა ხდებოდა ასეთი?
– ჩადიხარ თუ არა, დამსაქმებელი საბუთებს გართმევს და მასზე ხარ დამოკიდებული – უნდა დაგასაქმებს, უნდა – არა და მისი მონა ხდები. როცა ჩემი პოსტები პოპულარული გახდა და იქ მცხოვრებმა ქართველმა ქალებმა გაიგეს, რომ რეჯო-დი-კალაბრიოში იყო ჟურნალისტი, ბევრისთვის იმედად ვიქეცი.
სასეირნოდ ზღვის ნაპირზე გავდიოდი. ქართველმა ქალებმა ფოტოებით ამოიცნეს ის ადგილი, სადაც მე გავდიოდი და ერთ დღეს იქ დამხვდნენ. მითხრეს, დამსაქმებელმა პასპორტები ჩამოგვართვა, საქართველოში დაბრუნება გვინდა, მაგრამ საბუთების არქონის გამო ეს შეუძლებელიაო. მთხოვეს, ეს დაწერეო. მაშინვე მივეცი საელჩოს ნომერი, ვუთხარი, სხვა პასპორტს მოგცემენ და წახვალთ-მეთქი, მაგრამ უნდოდათ, მათი სახელები და გვარები არ მეთქვა და მე მებრძოლა მათთვის.
შევთავაზე, მე დაგიწერთ ტექსტს და თავად გამოაქვეყნეთ-მეთქი, მაგრამ უარი თქვეს. მე არ მეშინოდა, ამით ჩემს დამსაქმებლებს, რომლებიც შესანიშნავი ადამიანები არიან, ზიანს მივაყენებდი – დაუპირისპირდებოდნენ სხვები.
როგორც ჩვენთან არის ერთმანეთის გადაგდება, გაუტანლობა და ა.შ., იქ აღმატებულ ხარისხშია. იცით, როგორი განწყობაა? შენ ვის მერეც ხარ ჩასული, იმ ქართველს უნდა დაემორჩილო.
ყველას, ვისაც სხვა გზა არ აქვს და აუცილებლად უნდა წავიდეს იტალიაში სამუშაოდ, მოვუწოდებ, გაერკვეს, რა უფლებები აქვს, რომ თავი დაიცვას. არავის ანდონ პასპორტი! მე სულ თან მქონდა პასპორტი, სახლიდან რომ გავდიოდი, მაშინაც არ ვტოვებდი.
– თუ პასპორტი არ მიეცი ამ ე.წ. დამსაქმებელს, ვერც დასაქმდები? და საბუთების ჩამორთმევით მას რა მოგება აქვს?
– დამსაქმებლის მიერ ნაქირავებ სახლში ცხოვრებისას ვალი რომ დაგედო, თუ ის ფული არ გადაუხადე, არ გაგიშვებს. ამიტომაც იტოვებენ პასპორტებს. მან უნდა დაგასაქმოს, რადგან ფული გაქვს გადახდილი. პასპორტი არაფრით უნდა მისცე. აქედანვე უნდა შეუთანხმდე, რომ პასპორტს ვერ მისცემ, თუ არა, 21-ე საუკუნეში მონა გახდები. სხვის გაჭირვებაზე ისევ და ისევ ქართველები ითბობენ იქ ხელს.
– მომვლელად მუშაობას მალე შეეჩვიეთ?
– იტალიაში მოხუცები მარტო ცხოვრობენ. თავიდან, ბაბუასთან რომ მარტო დავრჩი, არ ვიცოდი, რა მექნა. ერთი სიტყვა არ ვიცოდი მათ ენაზე. მიმანიშნა, რომ წყალი უნდოდა და პირველი ეს სიტყვა ვისწავლე – “აქვა”, ანუ წყალი.
გამიმართლა, თავიდანვე ძალიან მოვეწონე, თორემ იქ არიან ქალები, რომლებსაც დაძინების ეშინიათ, რომ გიჟმა მოხუცმა თავში არ ჩაარტყას და არ მოკლას. ბაბუ ვერ გადაადგილდებოდა, ვერ იბანდა, ყველაფერს მე ვუკეთებდი, პამპერსსაც ვუცვლიდი. აბაზანაში ვერ შემყავდა, საწოლში უნდა მიმეხედა.
პირველად რომ პამპერსი გამოვუცვალე, ამაზე დიდი ჯოჯოხეთური მოვლენა ჩემს ცხოვრებაში არც ყოფილა. თვითონაც ძალიან ერიდებოდა, რადგან გონებაზე იყო. მე რომ პამპერსს ვუცვლიდი, თვალებს ხუჭავდა. შარვალს რომ ჩავაცმევდი, მერე ახელდა თვალებს. მადლიერი კაცი იყო – მეტყოდა ხოლმე, ხელები მომეციო და მკოცნიდა ხელებზე. ჩემს ბაბუად და მამად მივიღე, თორემ, მე რომ ჩემი თავი მხოლოდ მოსამსახურედ ჩამეთვალა, ალბათ გავგიჟდებოდი.
შვილიც არ უკეთებდა იმას, რასაც მე. ერთი ღამეც არ მიძინია წესიერად, თუმცა ღამით მისი მოვლა არ მევალებოდა. რამდენჯერაც დამიძახებდა, იმდენჯერ მივდიოდი. მეუბნებოდა, ჩემი შვილი ამაში ფულს არ გიხდის და მაინც მივლი, ბრავო პერსონა ხარო.
ვუთხარი, მე ახალგაზრდა მამა დამეღუპა და ახლა ვთვლი, რომ ჩემი მამა ხარ და ამიტომ გივლი ასე კარგად-მეთქი. არ ვიცი, რა დამცავი მექანიზმი ჩამერთო, არანაირ ზიზღს არ ვგრძნობდი, სუნიც კი არ მცემდა, პამპერსს რომ ვუცვლიდი.
დომენიკოს ქალიშვილი, გრაციელა, ძუნწი იყო. მოჰქონდა ერთი ცალი ბადრიჯანი. იტალიური ბადრიჯანი მრგვალია, დაახლოებით ვაშლისხელა. მეტყოდა, ბადრიჯნის კატლეტი გააკეთეო. ბადრიჯანს ვჭრიდი 5 ნაჭრად. შუა სამ ნაჭერს კვერცხში ვავლებდი და ვწვავდი ბაბუასთვის. მე კვერცხში ამოვლებულს ვერ ვჭამდი და ჩემთვის ცალკე ვიწვავდი. თუ შემთხვევით სახლში პომიდორი იყო, იმასაც ვაჭრიდი და ჩვენებური აჯაფსანდალივით ვიკეთებდი. ყველაზე მეტად მწვანილი მენატრებოდა…
პურიც ცოტა მოჰქონდა. ერთადერთი, რაც სახლში სულ გვქონდა, მაკარონი იყო. მე ყოველდღე მაკარონს ვერ ვჭამდი. დილით 8-ზე საუზმობდა ბაბუ – რძეში პურს ვუყრიდი, 12-ზე სადილობდა და 4-ზე პურს და ზეთს ჭამდა. რასაც ბაბუ ჭამდა, მეც ის უნდა მეჭამა. პურს და ზეთს ვერ ვჭამდი. 12-ზე რასაც გავაკეთებდი ბაბუსთვის, ჩემს წილს ვინახავდი და 2 საათზე ვჭამდი.
საღამოს 8-ზე, ბაბუს რომ დავაწვენდი, თუ ერთი ნაჭერი პური და ყველი იყო, ხომ კარგი, თუ არა და, მშიერი ვიძინებდი. პურს, რაც იყო, სულ ვერ შევჭამდი, რადგან დილით ბაბუს რძეში უნდა ჩაეყარა.
თავიდან რაღაცები ვიყიდე და ბაბუსაც ვუნაწილებდი, მაგრამ მერე გოგოებმა მითხრეს, შენ თუ დაიწყებ ყიდვას, თვითონ აღარაფერს მოიტანსო. ბევრჯერ მშიერი დავწოლილვარ და მთელი ღამე ქართული სუფრა მესიზმრებოდა.
ერთხელ გრაციელას შაქარი ვთხოვე. მეორე დღეს მომიტანა, ერთი კოვზიც რომ არ იყო. მერე მე ვყიდულობდი. რომ ნახა ჩემი ნაყიდი ერთი კილო შაქარი, გაუხარდა, შობისთვის გამოგვადგებაო. ვფიქრობდი, თუ ჩვენც, ქართველები, ასე ეკონომიურად ვიცხოვრებთ, როგორც იტალიელები, სულაც არ დაგვჭირდება სხვა ქვეყანაში მოსამსახურედ წასვლა-მეთქი.
სადილზე ბაბუს 5 ლუკმა პური უნდა შეეჭამა, ასე იყო დაანგარიშებული, მაგრამ ეს 5 ლუკმა 15-ზე ავიყვანე. ორი მარცვალი ყურძნის მაგივრად უფრო მეტს ვაძლევდი. ისე მოიმატა წონაში ჩემს იქ ყოფნაში… ბევრ საჭმელს იმიტომ არ აძლევდნენ, რომ პამპერსი ხშირად არ გამოეცვალათ.
იცით, რა მშველოდა? სიმღერა. მიუხედავად იმისა, რომ არც სმენა მაქვს და არც ხმა, ვიდექი და ვმღეროდი და ბაბუს ჩემი ნამღერი ძალიან მოსწონდა. რაც ლექსები ვიცოდი, ყველაფერი სიმღერებად ვაქციე. მაგალითად, აკაკი წერეთლის “ღამურას”, “სულიკოს” მელოდიით ვმღეროდი და ა.შ. ჩემს ლუკას ვუმღეროდი ხოლმე “ღამურას” ბავშვობაში და იქ ისე მენატრებოდა ლუკა…
ლუკა სკოლიდან რომ ბრუნდება, ჭიშკრიდან ყოველთვის მეძახის, დედაო. სასწაული ხდებოდა – როცა ლუკას სახლში მისვლის დრო იყო, მისი ეს ძახილი ჩამესმოდა.
ვიღაცისთვის 3 თვე ვიყავი იტალიაში, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, ცხოვრების უმეტესი ნაწილი იქ გავატარე. არ გადიოდა დრო. რაც ჩამოვედი, უკვე 3 თვე გავიდა და ისე უცბათ მირბის დრო, მგონია, გუშინ ჩამოვედი.
– იტალიაში ქართველები მხოლოდ მომვლელებად მუშაობენ, უკეთეს სამსახურს ვერ შოულობენ?
– მომვლელისა და დამლაგებლის ადგილია მხოლოდ. ვინც ენას კარგად ისწავლის, სხვა სამსახურიც შეიძლება იშოვოს, მაგრამ ამას წლები უნდა. შეიძლება მაღაზიაში გამყიდველად იმუშაო ან სილამაზის სალონში. ინტელექტუალური სამსახური ფაქტობრივად არ არის. იქ ქართველები ძირითადად მონები არიან და სხვა არაფერი.
– თავად იტალიელი ხალხი როგორ ცხოვრობს?
– ეკონომიურად. ძვირადღირებული მანქანა არც დამინახავს. ასანთის კოლოფივით მანქანებით დადიან, რომლებიც ცოტა საწვავს წვავს. ხალხი უფრო ლაღია, ვიდრე ქართველები. 2 საათზე სადილს რომ მიირთმევენ, 2 საათი ისვენებენ, ანუ 2-დან 4-მდე გარეთ ვერავის დაინახავ, ყველას სძინავს. მაღაზიები, კაფეები, ყველაფერი იკეტება.
4 საათის მერე გამოდიან და გვიან ღამემდე სეირნობენ, ერთობიან… სიცოცხლე ჩქეფს. ძალიან გამოპრანჭული კაცები დადიან და, სხვათა შორის, ქართველი ქალები ძალიან მოსწონთ.
– თხოვდებიან ქართველი ქალები იტალიელებზე?
– რა თქმა უნდა. ზოგი ისე თხოვდება იქ, საქართველოში მყოფმა ქმარმა რომ არც იცის ამის შესახებ. ასეთ ქმრებს ასე უნდათ! 10-15 წელი რომ ცოლს გაუშვებ და მის ხარჯზე ცხოვრობ, კარგი მანქანა გყავს და საყვარლებიც, აბა, რას ელოდები იმ ქალისგან?! სიყვარულს მოკლებული ქალი თუ ვიღაცისგან სითბოს იგრძნობს, უარს რატომ იტყვის?
ახლა რომ არ დავბრუნებულიყავი, ვეღარასდროს ჩამოვიდოდი. ეჩვევი იქაურ ყოფას, წესს, რაღაცნაირად მათ ემგვანები და აღარც გინდა დაბრუნება. არც აქ მყოფებს უნდათ, რომ დაგაბრუნონ, რადგან ეჩვევიან შენს გამოგზავნილ ფულს.
საქართველოში რომ მოვდიოდი, ერთმა ქალმა მითხრა, ნეტავ, მეც მოვდიოდეო. წამოდი-მეთქი, შევთავაზე. სად წამოვიდე, 10 წლიანი კრედიტი გამოიტანეს ჩემებმა, 3 წელია ვიხდი თვეში 560 დოლარს და კიდევ 7 წელი დამრჩა გადასახდელიო. 65 წლის ქალია. 72 წლის იქნება, როცა ამ კრედიტს დაფარავს. ფიქრიც არ უნდა იმაზე, ან ავად გახდეს, ან რამე დაემართოს…
– თქვენმა ღია წერილმა, რომელიც იტალიაში ყოფნისას განათლების მინისტრის მისამართით დაწერეთ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მინისტრმაც დაგირეკათ იტალიაში. რა შედეგი გამოიღო თქვენმა კონტაქტმა? საქართველოშიც შეხვდით?
– დიახ, დამირეკა ბატონმა მინისტრმა და საქართველოში რომ დავბრუნდი, მაშინაც შემხვდა. ერთად დიდი საქმე გავაკეთეთ – საატესტატო გამოცდები გამარტივდა და 15 მარტივ შეკითხვას ვინც გასცემს პასუხს, ავტომატურად ჩაეთვლება საატესტატო გამოცდა ჩაბარებულად, ქულები აღარ იწერება. ჩემმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ჩემი შვილი უკვე აღარ ემზადება მასწავლებლებთან.
ვუთხარი ჩემს შვილებს, ან დედა აირჩიეთ, ან რეპეტიტორებთან სწავლა და ფუფუნება-მეთქი. დედა აირჩიეს და ახლა მხოლოდ იმას სწავლობენ, რასაც სკოლაში ასწავლიან.
ჩვენს მენტალობაშია პრობლემა. უცხოეთში ვინც პირველად წავიდა მომვლელად, მან დაღუპა მთელი საქართველო, რადგან სხვებს გაუიოლა წასვლა. ყველას მოვუწოდებ, არ წავიდნენ, რადგან შვილებიც იღუპებიან და დედებიც!
– თურმე წიგნს წერთ იტალიაში გატარებული დღეების შესახებ.
– უკვე დავასრულე. აეროპორტში ჩემი ლუკა რომ დავინახე, იქ წყდება წიგნი. ეს არის ტრაგიკომიკური ამბავი. “ბადანტეს” ყველა ემიგრანტს ვუძღვნი. რაც დავწერე, ყველა ქალის ტკივილია. იტალიაში 200.000-ზე მეტი ქართველია.
იმ ქალებს გადარჩენა სჭირდებათ. მათი დაბრუნება არც სახელმწიფოს აწყობს. ისინი რომ დაბრუნდნენ, ყველა ბანკი გაკოტრდება. ერთადერთი, რაც იტალიაში ვიყიდე, ჩემოდანია. ის უნდა გავავსო ჩემი წიგნით, ჩავიდე იქ, ზღვის სანაპიროზე, სადაც ეს ყველაფერი დავწერე და ქართველი ქალებისთვის იმ ადგილას უნდა გავაკეთო პრეზენტაცია. იმედია, სპონსორს ვიშოვი. მერე იტალიურადაც უნდა ვათარგმნინო და გამოვცე. ვიცი, ბესტსელერი გახდება, შემოსავალს მომიტანს და სწორედ ის დამაბრუნებს საბოლოოდ საქართველოში.
პირველწყარო: ჟურნალი სარკე