გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს

14-01-2019

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთავმჯდომარის მოვალეობას, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი შეასრულებს.

როგორც ამავე კომიტეტის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევამდე, კომიტეტის შემდგომი ფუნქციონირებისათვის, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტი ვალდებულია, კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დაავალოს.

აღნიშნულ თანამდებობაზე წარმოდგენილი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილის კანდიდატურა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრ ირაკლი აბესაძის განცხადებით, კომიტეტში მიმდინარე პროცესები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხს უკავშირდება და საპარლამენტო უმრავლესობისგან მოითხოვა განმარტება ამ პროცესებთან დაკავშირებით.

„დღევანდელი სხდომა რეალურად პოლიტიკური მდგენელისაგან თავისუფალია. ამ სხდომაზე არანაირ სიას არ ვიხილავთ. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა რა პროცედურით და რა პროცესით მოხდება ეს შერჩევა. მესმის, რომ საზოგადოებისთვის ეს თემა არის მნიშვნელოვანი, არაერთი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მთელი ეს პროცესი ჩატარდება ისე, როგორც იქნება საზოგადოების მოთხოვნა და როგორც იქნება საუკეთესო ინტერესი ჩვენი ერის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ირაკლი აბესაძის საპასუხოდ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

„რაც თქვენ ბრძანეთ, ამასთან დაკავშირებით დღეს საკამათო არაფერია, ვინაიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია იმასთან დაკავშირებით, კანდიდატების განხილვას ჩვენ დავუბრუნდებით საგაზაფხულო სესიაზე და იმასთან დაკავშირებითაც მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ეს მოხდება პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავების შემდეგ. ეს სამუშაო პროცესი ჯერ არ არის დაწყებული, შესაბამისად, ის დაფარული ვერ იქნება“, - - მიმართა მან ოპოზიციის წარმომადგენელს.

„მე კიდევ ერთხელ მსურს შევახსენო საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც მან გააკეთა სასამართლოს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, სადაც მკაფიოდ ითქვა, რომ დაინტერესებული მხარეები იქნებიან ამ პროცესში ჩართული. შესაბამისად, ვფიქრობ, დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით კამათი ან განსხვავებული პოზიციები არ უნდა იყოს. თუმცა ეს თქვენი უფლებაა და მე მესმის, რომ თქვენ, როგორც ოპოზიციის წევრმა ეს სხდომა გამოიყენეთ იმისთვის, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი კიდევ ერთხელ საჯაროდ დაგეყენებინათ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამის შემდეგ გაიმართა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე კენჭისყრა. დავით მათიკაშვილისათვის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტის სხდომაზე დამსწრე 15 წევრიდან 10-მა დაუჭირა მხარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930