გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვენაში ცნობილი ქართველი დიპლომატი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გაიხსენეს

15-01-2019

ცნობილი ქართველი დიპლომატი, 2013-2017 წლებში ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გაიხსენეს ქ. ვენაში წმინდა სამების ბერძნულ ტაძარში გამართულ ღონისძიებაზე.

საღამო ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მოეწყო და ის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მიღება რომელსაც ესწრებოდნენ კონსტანტინე ზალდასტანიშვილის ოჯახის წევრები, ავსტრიის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.



„გამოვხატავთ მადლიერებას კონსტანტინე ზალდასტანიშვილის - ჩვენთვის უბრალოდ კოტეს მიმართ, მის მიერ ქვეყნის განვითარებასა და ავსტრია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ის მუდამ დარჩება ჩვენს გულებში. მისი სახელი ავსტრიას არ დაავიწყდება“ - განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისა ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა და ავსტრიის სავაჭრო პალატის გენერალურმა მდივანმა კარლჰაინც კოფვმა.



„ჩვენ ძველი ქვეყანა ვართ, მაგრამ ახალგაზრდა სახელმწიფო, რომელიც მიისწრაფვის ევროპაში დამკვიდრებისთვის, სწორედ ასეთი ქვეყნისთვის შესაფერისი საუკეთესო დიპლომატიური თვისებებით იყო დაჯილდოებული კონსტანტინე ზალდასტანიშვილი. ის აკეთებდა ყველაფერს ქვეყნის განვითარებისთვის და არა მხოლოდ თავისი პროფესიონალიზმით, არამედ პიროვნული თვისებებით იზიდავდა ხალხს თავისკენ, მაშასადამე საქართველოსკენ. მიჭირს მასზე საუბარი წარსულში. ის ჩვენს გულებში მუდამ დარჩება“. - განაცხადა სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რეზო გაჩეჩილაძემ.



სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა დავით დონდუამ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიორგი წერეთელმა, ეუთო-ში კანადის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატაშა კაერმა და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორმა კატარინა ვიზერმა.



საკუთარ გამოსვლებში ღონისძიების საპატიო სტუმრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი კონსტანტინე ზალდასტანიშვილის წვლილს ქართული დიპლომატიის განვითარებისა და ქვეყნის მნიშვნელოვანი საგარეო წარმატებების მიღწევის საქმეში, განსაკუთრებით აღინიშნა ელჩის დამსახურება ბოლო პერიოდში საქართველო-ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.



კოტე ზალდასტანიშვილის ხსოვნის საღამოზე, ვენის წმინდა სამების ბერძნულ ტაძარში ასევე გაიმართა მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930