გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: უპასუხისმგებლო კომპანიებმა ტენდერებში მონაწილეობა ვეღარ უნდა შეძლონ

16-01-2019

თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა კომპანიებმა, რომლებმაც კონკრეტული პროექტების განხორციელებისას უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ვალდებულება არ შეასრულეს, ტენდერებში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ.


ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მეტროსადგურების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა.

„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ საკითხად სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულება რჩება. ავტობუსებთან დაკავშირებით ვგეგმავთ, რომ 2019 წელს მთლიანად ჩავანაცვლოთ არსებული პარკი და ახალი ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები შემოვიყვანოთ. ასევე, მეტროსადგურების, ვაგონების და შემადგენლობების განახლება-რეაბილიტაცია ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ კომპანიას, რომელიც მეტროსადგურ „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, სამუშაოები დეკემბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა და თვითონ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ იღებს ვალდებულებას, ეს სამუშაოები ბოლომდე მიიყვანოს. რა თქმა უნდა, ამ კომპანიის წინააღმდეგ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, ჯერ კიდევ არსებობენ კომპანიები, რომლებიც პროექტების განხორციელების დროს უპასუხისმგებლოდ იქცევიან.


„ჩვენც გვქონდა ამის მაგალითები, მათ შორის, ვარკეთილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდა. საუბარია 50-მეტრიან მონაკვეთზე. მსგავსი დამოკიდებულება და უპასუხისმგებლობა კატეგორიულად მიუღებელია. ასეთი კომპანიები ჩვენს გვერდში არ უნდა იყვნენ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მათ ვეღარ შეძლონ ტენდერებში მონაწილეობა, რადგან ეს ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აფერხებს. შემდეგ მთელი პრეტენზია მუნიციპალიტეტზე მოდის და არავინ უყურებს იმას, რომ იქ რომელიმე კომპანია არაკეთილსინდისიერად მოიქცა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ყველაფერზე, უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და შესაბამისად ვიმოქმედოთ ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიების წინააღმდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერმა საზოგადოებას სხვა მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.


„ასევე, მინდა შევეხო მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერს, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერი დაუყოვნებლივ, განმეორებით გამოცხადდება, სადაც იმედს ვიქონიებთ, რომ გამარჯვებული კომპანია ძალიან მალე გამოვლინდება. მიმდინარე წლის 20 თებერვლისთვის დასრულდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები და მეტროსადგური უკვე განახლებული, მოდერნიზებული სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას; გამოცხადებულია ტენდერი „სადგურის მოედნის“ სამივე ამოსასვლელის პროექტირების შესახებაც.


რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილს“, სადაც ერთი წლის წინ, რეაბილიტირებული მეტროსადგურის ჭერი ჩამოინგრა, ჩვენ მიერ ჩატარებული საექსპერტო-კვლევითი სამუშაოების შედეგად დადგენილია, რომ არსებული კონსტრუქციების მდგომარეობიდან გამომდინარე, პროექტი უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამება. მოგვცეს მითითება, რომ პროექტი თავიდან უნდა განხორციელდეს, ანუ პროექტი იყო არასწორად შედგენილი და ფაქტობრივად, თავიდან მოგვიწია მუშაობის დაწყება. გვესმის, რომ მოქალაქეებისთვის მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ასეთ მდგომარეობაში ფუნქციონირება არ არის კომფორტული, მაგრამ ეს ერთ-ერთი ის შემთხვევაა, სადაც ჩვენთვის პრიორიტეტია არა სიჩქარე, არამედ ხარისხი და მოქალაქეების უსაფრთხოება. მგზავრებს ამისთვის ბოდიშს ვუხდი, თუმცა ძალიან მალე პროექტიც იქნება და სამუშაოებსაც მალე დავიწყებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


მისივე განცხადებით, პროექტირების ეტაპზე გადადის მეტროსადგურ „გურამიშვილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები.


„აქაც ანალოგიური მდგომარეობა იყო, წარმოდგენილი პროექტი დაწუნებული იყო. მისი განხორციელება თავიდან მოხდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ დაიწყება. უკვე პროექტირების ტენდერისთვის მომზადდა და უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი მეტროსადგურ „ისნის“, „თავისუფლების მოედნის“, „რუსთაველის“, „მარჯანიშვილის მოედნისა“ და „წერეთლის“ საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, რათა ის კომფორტული და ყველაზე სწრაფი იყოს. შესაბამისად, 2019 წელს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031