17-01-2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარედ ავთანდილ კასრაძე დაინიშნა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე იგი ეკონომიკის კონკურსის შედეგად შეირჩა.
ავთანდილ კასრაძე ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, სააგენტოში კი მისი დაარსების დღიდან თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს.
„მის სახელს უკავშირდება მთელი რიგი სამართლებრივი რეფორმების, ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით, სტარტაპების ფინანსებთან წვდომის მექანიზმების დანერგვის მიმართულებით და ა.შ.“-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
კასრაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი.
მაგისტრატურაზე სწავლა კი შვედეთში, კერძოდ ლუნდის უნივერსიტეტში ადამიანის უფლების საერთაშორისო სამართლის მიმართულებით განაგრძო.
სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა ვენეციის კომისიაში, ეუთოს (OSCE/ODIHR) მისიაში, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში, იუსტიციის სამინისტროში და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში.
ავთანდილ კასრაძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.