18-01-2019
თბილისის მერი, კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც დეპუტატი დიღმის მასივში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თბილისის მერის დაკითხვას ითხოვს.
კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ხაბეიშვილი არასერიოზულ ადამიანად მოიხსენია. მისივე თქმით ხაბეიშვილი, სააკაშვილი და ნათელაშვილი ერთი ტიპის ადამიანები არიან და შესაბამისად, მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიც ერთსა და იმავე შინაარს შეიცავს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მთაწმინდაზე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და ფართოვდება „ადგილი გამოსაქანებლად“, საიდანაც ზემოთ ჩამოთვლილ პიროვნებებს შეუძლიათ „გამოექანონ.“
„არ ვიცი ხაბეიშვილს, როგორც არასერიოზულ ადამიანს რამდენად სერიოზულად შიძლება ვუპასუხო, მაგრამ ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით: ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო, ესენი ერთი ტიპის ადამიანები არიან და მათი განცხადებებიც და მესიჯებიც ერთნაირ შინაარს შეიცავს.
ამ ადამიანებს რა უნდა ვუთხრა... არვიცი რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო, თუმცა ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ ალბათ მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძაც იცით და იცით, რომ მის რეაბილიტაციას ვაპირებთ.
საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. გვქონდა ბიზნეს სექტორთანაც შეხვედრა, გავაცანით პროექტი და საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ ეს ადამიანები ვინც ჩამოვთვალე აბრძანდნენ, თუმცა მიშას არ გამოუვა, რადგან აქ არ იმყოფება და მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს“- განაცხადა კახა კალაძემ.