გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიეტუვას პრემიერი: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას, როგორც კონკრეტული ნაბიჯებით, ასევე საქმით

21-01-2019

„დღეს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას სტუმრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ეს არ არის მამუკა ბახტაძის პირველი და იმედი მაქვს, არც უკანასკნელი ვიზიტი ლიეტუვაში, მაგრამ პირველია ამ რანგში. ამდენად, მსურს, მივულოცო ჩემს კოლეგას პრემიერ-მინისტრის რანგში ვიზიტი და ვუსურვო წარმატებები“-ეს განცხადება ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, საულიუს სკვერნელისმა ქართველ კოლეგა, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის სემდეგ გააკეთა.


„ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ლიეტუვა მრავალი წელია, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოსთან ურთიერთობებს და ამ კურსის გაგრძელებას გეგმავს მომავალშიც.


ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. საერთაშორისო ურთიერთობებში დაუშვებელია ძალის გამოყენება ან ძალის გამოყენების მუქარა. მხარს ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს მტკიცე მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციისადმი, ლიეტუვას მაგალითის მსგავსად. ასევე მხარს ვუჭერდით და მომავალშიც განვაგრძობთ მხარდაჭერას საქართველოს არჩევანისადმი, შექმნას ღია, დემოკრატიულ და სამართლებრივ საფუძველზე დამყარებული აყვავებული სახელმწიფო. ჩვენ აღნიშნულს ვახორციელებთ და განვახორციელებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. ვიზიტის პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებები მხოლოდ ახლა დაიწყო, თუმცა ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს არაერთი საკითხი, რომელიც მოიცავს როგორც სიმბოლურ თემატიკას, ასევე ძალზე პრაქტიკულ მიმართულებებსაც.


მიმდინარე წელს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.


აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი დიპლომატიური ისტორია 550 წელზე მეტს ითვლის. ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის კონტექსტში გამორჩეულ აქცენტს წარმოადგენდა მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმად, ჩვენ საქართველოს ვუწოდებთ მის ავთენტურ დასახელებას, ხოლო ჩვენი მეგობრები ჩვენს ქვეყანას ლიტვის ნაცვლად ლიეტუვას უწოდებენ.


ასევე კარგი სიახლეა ის, რომ აპრილიდან ამოქმედდება პირდაპირი ავიარეისები ვილნიუსი-თბილისის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის და ბიზნესკავშირების განვითარებას.


ჩვენი ურთიერთობები სამაგალითოა. ამასთან, ვფიქრობთ, შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ვისაუბრეთ, რომ ლიეტუვას შეუძლია, იამაყოს შესანიშნავი "სტარტაპებით", რომელთა მოცულობა უკანასკნელ წლებში 5-ჯერ გაიზარდა. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე მოვიზიდეთ 183 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია და იმედი მაქვს, ამ სფეროშიც გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისთვის.


უაღრესად იმედისმომცემია თანამშრომლობა მუნიციპალიტეტების დონეზე. ჩვენს ქვეყანაში არსებული 60 მუნიციპალიტეტიდან ნახევარს საქართველოში ჰყავს პარტნიორები.


ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას, როგორც კონკრეტული ნაბიჯებით, ასევე საქმით. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც დეკემბრიდან შევიდა ძალაში, დაფიქსირებულია ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფება.


ამასთან, მხარს ვუჭერთ საქართველოს, განაგრძოს რეფორმები და შეინარჩუნოს ლიდერობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ დიდ წარმატებებს“-განაცხადა ლიეტუვას პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930