24-01-2019
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მის გონებაში არ რჩება იმის შესახებ ფიქრის ადგილი, გარიცხავენ თუ არა მას და მის გუნდს უმრავლესობის რიგებიდან.
ეს განცხადება ბესელიამ, უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ჟურნალისტებიდან ყველაზე ხშირად ეს კითხვა ისმის ხოლმე. ეს არასერიოზული საკითხია და არ მაქვს არც დრო და არც ადგილი გონებაში, რომ ამაზე ფიქრით დავკავდე.
რაც შეეხება გუნდურობის პრინციპს, მე ამაზეც მყარი არგუმენტები მაქვს და არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ესწავლება რა არის გუნდის მხარდაჭერა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა დავინახოთ განსხვავება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხსა და შიდაპარტიულ ურთიერთობას შორის“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრება.