გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
NDI-ის კვლევა: საქართველოში სიტყვის თავისუფლების მიმართულებით გაუმჯობესება შეინიშნება

28-01-2019

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილის (38 პროცენტი) აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მოქალაქეების შეფასებით, სასამართლო სისტემის, კორუფციის, კრიმინალის, სამუშაო ადგილების, სიღარიბის, ტერიტორიული მთლიანობისა და ფასების ზრდის კუთხით სიტუაცია არასწორი მიმართლებით ვითარდება.


თუმცა გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნევა სიტყვის თავისუფლებასთან, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებასთან, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებასთან, მედიის დამოუკიდებლობასთან და განათლებასთან მიმართებაში.


ორგანიზაციის ინფორმაციით, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა იზრდება: ევროკავშირში წევრობას მოსახლეობის 83 პროცენტი უჭერს მხარს, ნატო-ს წევრობას კი 78 პროცენტი ემხრობა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გზები (35 პროცენტი) და გარემოს დაბინძურება (22 პროცენტი) ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი საკითხებია. გარემოს დაცვის კუთხით, მოსახლეობა ყველაზე მეტად ჰაერის დაბინძურებაზე (57 პროცენტი), საკვების უსაფრთხოებასა (44 პროცენტი) და პროდუქტებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების არსებობაზე (40 პროცენტი) წუხს. თბილისის მოსახლეობისთვის გარემოს დაბინძურება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია (48 პროცენტი), რის შემდეგაც კომუნალური გადასახადები (38 პროცენტი) და საგზაო მოძრაობა (32 პროცენტი) მოდის. „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში მოსახლეობა გარკვეულ პროგრესს ხედავს, განსაკუთრებით ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერის კუთხით, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.


ეს საკითხებია: სასამართლო სისტემა, კრიმინალის დონის ზრდა და სუსტი ეკონომიკა,“ - განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა. „ამასთან, გარემოს დაცვის კუთხით ნეგატიური შეფასება პოლიტიკის დაუყოვნებლივ ცვლილებასა და ყურადღებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ამ სფეროსთვის გამოყოფილი რესურსების შემცირება, განსაკუთრებით კი გარემოს დაცვის სამინისტროს შეზღუდული სტატუსის გათვალისწინებით.“ მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას „კარგად“ ართმევს თავს. ამ კუთხით ყველაზე მეტ კმაყოფილებას სოფლის ტიპის დასახლებებში გამოხატავენ (58 პროცენტი). თუმცა თბილისის მოსახლეობის 57 პროცენტი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის კუთხით მთავრობას „ცუდად“ აფასებს. მასწავლებლების ცოდნასა და პროფესიონალიზმს უმრავლესობა “საშუალოდ” (43 პროცენტი) ან “კარგად” (42 პროცენტი) აფასებს. მოქალაქეები კერძო სკოლებს, საჯარო სკოლებთან შედარებით, შემდეგ საკითხებთან მიმართებაში ოდნავ უკეთესად აფასებენ: უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, განათლების ხარისხი, კლასგარეშე აქტივობები, კარგ უნივერსიტეტში მოხვედრის შანსი და პროფესიული კარიერისთვის მომზადება. მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კერძო მასწავლებელი (რეპეტიტორი) აუცილებელია სკოლაში კარგად სწავლისთვის (47 პროცენტი), სკოლის საატესტატო გამოცდებისა (55 პროცენტი) და ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად (73 პროცენტი). უმაღლესი განათლების კუთხით, სახელმწიფო უნივერსიტეტები კერძო სასწავლებლებზე ოდნავ უკეთესად ფასდება. კარგი სამსახურის საშოვნელად განათლება მთავარ კრიტერიუმად არ განიხილება. მოსახლეობის 37 პროცენტი ფიქრობს, რომ სამსახურის ძიებისას ნაცნობობა ყველაზე მნიშვნელოვანია. „მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა სახელმწიფო განათლების სისტემას ნეიტრალურად ან კარგად აფასებს, რეპეტიტორების ასეთი საჭიროება იმაზე მიუთითებს, რომ სკოლა მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიწოდებას ვერ ახერხებს.“ - განაცხადა ლორა თორნტონმა. „საჯარო განათლებაში დროული რეფორმები აუცილებელია, განსაკუთრებით იმისათვის, რომ აღმოიფხვრას უთანასწორობა იმათ შორის ვისაც ხელი მიუწვდება კერძო სკოლებსა და რეპეტიტორებზე და ვისაც ამისი შესაძლებლობა არ გააჩნია. “ NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930