28-01-2019
„ძნელია იმის დაჯერება, რომ საქართველო უკვე ცხრა თვეა აშშ-ის ელჩის გარეშე ცხოვრობს, მაგრამ არაფერი არ მომხდარა: მსოფლიო არ გადატრიალებულა, წყალი ონკანში ძველებურად მოდის, ტრანსპორტი ქვეყანაში ძველებურად მოძრაობს, ბავშვები სკოლაში დადიან... დაიწყებ ამ ნამდვილად უჩვეულო დიპლომატური კაზუსის მიზეზებზე საუბარს და გაოცებისაგგან ხელებს გაშლი: „განა ასეთი რამ შესაძლებელია?“. თურმე შესაძლებელი ყოფილა“, - ასე იწყება სტატია, რომელიც უკრაინულ ყოველკვირეულ გაზეთ „2000“-ში გამოქვეყნდა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ვადიმ ანასტასიადის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციის ავტორი იმოწმებს გასული წლის დეკემბერში ამერიკულ ჟურნალში (Foreign Policy) გამოქვეყნებულ მასალს, რომლის თანახმად, საქართველოში აშშ-ის ელჩის კანდიდატურას ბრიჯიტ ბრინკსს თურმე ბიძინა ივანიშვილი ბლოკავს, მისთვის აგრემანის მიცემაზე უარს აცხადებს.
„ოჰ, ეს ჯიუტი ბიძინა! როგორ ბედავს? როგორ შეიძლება საქართველო ამერიკის ელჩის გარეშე ანუ ბედის ანაბარად დარჩეს? ბავშვს (საქართველოს) რამე რომ მოუვიდეს? ვინ იცის, ასეთ სიტუაციაში სამომავლოდ რა მოხდება?! აი, ხომ მოხდა ახლახანაც - სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად იქნა არჩეული! აშშ-ის ელჩი რომ თბილისში ყოფილიყო, იგი, ალბათ, გრიშა ვაშაძის ამ პოსტზე გათრევას მოახერხებდა. არ გჯერათ? საქმის კურსში მყოფი ადამიანები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის ელჩი თბილისში, როგორც პოეტი ევგენი ევტუშენკო იტყოდა, „ელჩზე უფრო მეტია“: ვაშინგტონის წარმოგზავნილები საქართველოში ბევრად „უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ“, ვიდრე აშშ-ის ელჩები სხვა ქვეყნებში! მაშინ რა გამოდის? ვასალი პატრონს აღარ ემორჩილება? არა, მთლად ასეც არ არის“, - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების განცხადებით, მსგავსი მტკიცება არა მარტო აბსურდულია, „არამედ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის შეურაცხმყოფელიც, რადგან ამერიკას - მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს - ელჩის დანიშვნას ვერავინ ვერ დაუბლოკავს“ (პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის სიტყვები).
როგორც ავტორი აღნიშნავს, თბილისში აშშ-ის ელჩის დროებითმა შემსრულებელმა როს უილსონმა და ცნობილმა ამერიკელმა დიპლომატმა ალექსანდრე ვერშბოუმ იმედი გამოხატეს, რომ უახლოეს ხანში ელჩი აუცილებლად იქნება დანიშნული და პრობლემა დადებითად მოგვარდება.
ვისზეა დამოკიდებული ბოლო სიტყვა? ბიძინა ივანიშვილზე? მაგრამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ღიად დადანაშაულება იმაში, რომ თითქოსდა მართლაც ის ბლოკავს აშშ-ის ელჩის დანიშვნას, შეუძლებელია - ამის მტკიცებულებები არ არსებობს.
სხვათა შორის, სხვა კითხვაც ჩნდება: შესაძლოა პრობლემის ფესვები სხვა რამეში - უბრალო მიზეზშია? არა ვიღაცის ბოროტ ჩანაფიქრსა და ინტრიგებში, არამედ თვით აშშ-ის ადმინისტრაციის მოუქნელობაში? ფაქტია, რომ ამერიკის ელჩები ბევრს სხვა ქვეყანაში არაა დანიშნული - 50 სახელმწიფოში! ასე რომ, საქართველო გამონაკლისი არ არის.
„აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის როს ტილერსონის საქმიანობის პერიოდში საზღვარგარეთ ბევრი ელჩის ადგილი ვაკანტური იყო, მისმა მემკვიდრემ მაიკ პომპეომ კი ამ საკითხის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება გადაწყვიტა“, - წერს ჟურნალი Foreign Policy. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ საქმე მაიკ პომპეოს დროსაც წინ რომ არ მიდის? მოკლედ, ბიძინას ბრალი არაფერში არაა. ამერიკელებს თვითონ ვერ გაურკვევიათ, რა ხდება მათ საკუთარ სახლში“, - ასკვნის უკრაინის გაზეთის პუბლიკაციის ავტორი.