გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც ვახორციელებთ, ქვეყანაში სიღარიბის შემცირებას მოვახერხებთ

29-01-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა ძალიან ხელშესახები შედეგები მოიტანა.


ეს განცხადება ბახტაძემ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ გამოსვლისას გააკეთა.


„რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან და ჩემთვის ძალიან საამაყო გახლდათ, რომ ფაქტობრივად ყველა პანელზე, რომელიც ეხებოდა განვითარებად ბაზრებს (emerging markets), საქართველო ყველას მოჰყავდა, როგორც საუკეთესო მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის დემოკრატიის ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, იმ თამამი რეფორმებისთვის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ.


ამავდროულად, რა თქმა უნდა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საკმარისი არ არის. საქართველოს მთავარ და მტკივნეულ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება სიღარიბე, შესაბამისად ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარება, რათა ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ფოკუსირებული არ იყოს 1-2 მსხვილ ქალაქში. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ გახლავთ. ზოგადად, ინკლუზიური ზრდა არის გლობალური ხასიათის პრობლემა, თუმცა, ვფიქრობ, ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით და რომლებსაც გადავდგამთ, საქართველოში ასეთი ტიპის ზრდის მიღწევაში დაგვეხმარება. ინკლუზიური ზრდა წარმოუდგენელია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე, შესაბამისად, ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი გახლავთ“-განაცხადა პრემიერმა.


მისი თქმითვე, საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, თუმცა მიდგომა, როგორ უნდა მომხდარიყო ამ ყველაფრის ეროვნული ეკონომიკის სასიკეთოდ გამოყენება, ხშირად ძალიან ფრაგმენტული იყო.


„ვფიქრობ, ჩვენ შევძელით, ეს ერთიან სტრატეგიაში მოგვექცია. ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მოვისმინე, გახლდათ ის რომ, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, გახდეს მთელი რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ჩვენ ვართ კარიბჭე 8 ქვეყნისთვის, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი პოტენციალი, მაგრამ ამავე დროს - დიდი პასუხისმგებლობა. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომ გავზარდეთ ასე მნიშვნელოვნად ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში.


ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის მიზეზი, რატომ ვართ მოწადინებული, რაც შეიძლება მოკლე დროში გვქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ღრმაწყლოვანი პორტი. მინდა, ხაზი გავუსვა გლობალური მნიშვნელობის პროექტებსაც, რომლებიც უკვე ხორციელდება და დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ.


ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, მთავარი აქტივი გახლავთ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ადამიანები. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც ვახორციელებთ, მოვახერხებთ ქვეყანაში სიღარიბის შემცირებას, მაგრამ ვერასოდეს ჩავაყენებთ საქართველოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში, თუ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, მასშტაბურ ინვესტიციებს არ განვახორციელებთ განათლების სექტორში და ვერ გავხდით მას დომინანტს მთელს ეკონომიკაში. როდესაც ამას შევძლებთ, ეს იქნება ერთადერთი ურყევი წინაპირობა, რომ საქართველო აუცილებლად შევა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. ეს არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 10-11%, რომელიც ყოველწლიურად აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი განათლების სექტორისთვის, როგორც საჯარო, ასე კერძო სექტორის მხრიდან. სწორედ ეს მოგვიტანს იმ წარმატებას, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს. ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება არის ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი“-განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031