გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე სტრასბურგის სასამართლო ხვალ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

30-01-2019

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა 2019 წლის 31 იანვარს ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.


სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტს რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის საკითხს საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.


როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად 2014 წლის 3 ივლისს დავა არსებითად საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და დაიწყო დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურები.


ამ პროცედურის ფარგლებში, 2014-2015 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოუწია, განეხორციელებინა კომპლექსური ღონისძიებები თითოეული დაზარალებულის ინდივიდუალური მონაცემების შეგროვების მიზნით, რადგანაც აღმოჩნდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს მთავრობას მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემები ჰქონდა დამუშავებული და სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნილი, მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის შეტანის დღიდანვე მთავრობა 4634 რუსეთიდან გამოძევებული ჩვენი მოქალაქის უფლებების დარღვევების გამო დაობდა.


სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის მიღების შედეგად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუკავშირდა არაერთ დაზარალებულს, რომელთაგან 345-მა განაცხადა თანხმობა, ყოფილიყო სიაში; 25-მა განაცხადა, რომ არ სურდა სიაში ყოფნა (კვლავ რუსეთში დაბრუნდა, და სხვ.). მთლიანობაში, იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული საკომუნიკაციო და მოძიებითი სამუშაოების შედეგად, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში − 2016 წლის 1 სექტემბერს, გაიგზავნა 1795 ქართველი მსხვერპლის შესახებ დეტალური მონაცემები მათი გამოძევების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. ამის შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს არაერთხელ შეატყობინა, რომ გაგზავნილი სია იყო საილუსტრაციო, რომელიც რუსული მხარის პოზიციის საპირისპიროდ ადასტურებდა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე ნამდვილად მოხდა 4600-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის რუსეთიდან გამოძევება.


1795 მსხვერპლის მონაცემების შეგროვება იუსტიციის სამინისტროსთვის ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან გამოძევებიდან 10 წლის შემდეგ, როდესაც არ არსებობს თავის დროზე აღრიცხული მონაცემები და სათანადო ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ, საჭირო გახდა ამ სიის თითქმის ნულიდან შედგენა. ეს პროცედურა მოიცავდა ათეულობით ათასი გვერდი საარქივო თუ სხვა მასალის დამუშავებას, საქართველოში და, ასევე, მის საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში დაზარალებულების იდენტიფიცირებას სხვადასხვა წყაროდან, მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებას, მათთან უშუალოდ დაკავშირებას, მათი მსხვერპლად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვებას, დახარისხებასა და ინგლისურ ენაზე თარგმნას. რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივი და აუცილებელიც იყო 2007 წელს, სასამართლოში საჩივრის შეტანის დროს ამ სიის შედგენა, მაგრამ ეს არ გაკეთებულა, და როგორც აღინიშნა, მაშინ მხოლოდ 118 დაზარალებულის შესახებ მონაცემი გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში.


საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთიდან დეპორტირებულებისათვის კომპენსაციის მიკუთვნების თაობაზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადებს, რის შემდეგაც აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930