გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Mirror» (დიდი ბრიტანეთი): ჯეკ შეპარდი შიშობს, რომ მას ბრიტანეთის ციხეში აწამებენ

31-01-2019

ბრიტანულ პრესაში გრძელდება მასალების ბეჭდვა საქართველოში დაკავებული ინგლისელი მოქალაქის ჯეკ შეპარდის შესახებ, რომელიც შარლოტა ბრაუნის მკვლელობის გამო (2015 წელს) დაუსწრებლად არის გასამართლებული ლონდონის სასამართლოს მიერ. ბრიტანული თემიდის მიერ გამოტანილი 6-წლიანი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, იგი საქართველოში გამოიქცა და მართლმსაჯულების აღსრულებას ემალებოდა.

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ - ენდი ლაინის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

როგორც გაზეთ Mirror-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, ჯეკ შეპარდს დიდ ბრიტანეთში ექსტრადიცია არ სურს, რადგან ვაითუ საპყრობილეში მისი უფლებები შეილახოს, ვთქვათ, „აწამონ“.

„გაქცეულ-დაკავებული ჯეკ შეპარდი ქართული სასამართლოს წინაშე წარსდგა. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მისი ექსტრადიცია დაჩქაროს, მაგრამ მოსამართლემ გიორგი კერატაშვილმა ჯეკ შეპარდს ნება დართო საქართველოში კიდევ სამი თვე დარჩეს (პატიმრობაში), სანამ მისი ექსტრადირების საკითხი გადაწყდება.


სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულის სკამზე მჯდომმა, 31 წლის ბრიტანელმა უარყო შეთავაზება სამშობლოში დაბრუნების თაობაზე და განაცხადა: „გმადლობთ, მაგრამ მე უარს ვამბობ, აქ ყოფნა მირჩევნია“.


ჯეკ შეპარდის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის თქმით, „ძალიან სერიოზული შანსი არსებობს, რომ მას დიდ ბრიტანეთში ცუდად მოეპყრონ და შეიძლება აწამონ კიდეც“. გარდა ამისა, იურისტების ჯგუფმა განაცხადა, რომ ის დანაშაული, რაშიც ჯეკ შეპარდი ბრიტანულმა სასამართლომ მსჯავრდებულად შერაცხა, მას საქართველოში არ ჩაუდენია.


როგორც ცნობილია, ბრიტანული სასამართლოს განაჩენის თანახმად, ჯონ შეპარდს შარლოტა ბრაუნის სიკვდილი წინასწარ არ ჰქონია განზრახული და ქალის დაღუპვა მამაკაცის გაუფრთხილებელმა მოქმედებამ გამოიწვია - ტემზაზე ღამეული გასეირნების დროს კატერი გადაბრუნდა.


მარიამ კუბლაშვილი, ქართველი უფლებადამცველი, რომელიც ჯეკ შეპარდის კიდევ ერთი ადვოკატს წარმოადგენს, ამბობს, რომ ინგლისელი მოქალაქე, დიდ ბრიტანეთში ჩადენილი დანაშაულის გამო, შეიძლება, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სამშობლოში არ იქნეს ექსტრადირებული. „ჩვენი კანონის თანახმად, კატერთან დაკავშირებულ ინციდენტს დანაშაულად ვერ ჩავთვლით, ამიტომ ჯეკ შეპარდი ბრიტანეთს არ უნდა გადაეცეს. დარწმუნებული ვარ, დაჩქარებული ექსტრადირება არ მოხდება. ჩვენ ვთვლით, რომ მისი უფლებები დარღვეულია. ჩვენ მას დამნაშავედ არ მივიჩნევთ“.


თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზი გადაწყვეტილების გამოტანის დროს ხალხით იყო სავსე. ზოლებიან ჯემპრში გამოწყობილი ჯეკ შეპარდი 25 წუთის განმავლობაში მშვიდად ლაპარაკობდა. როცა მას ოჯახურ მდგომარეობაზე კითხვა დაუსვეს, უპასუხა, რომ დაოჯახებულია, ცოლი ჰყავს. მისი ცოლი სამხრეთ უელსში ცხოვრობს, მაგრამ ერთმანეთს დაშორდნენ მაშინ, როცა ჯეკი ინგლისიდან გაიქცა. ჯერ-ჯერობით ჯეკ შეპარდი მკაცრი რეჟიმის საპყრობილეშია მოთავსებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930