31-01-2019
„ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ერთი შეხედვით, სამხრეთ კავკასიასთან არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს: ლათინური ამერიკისაგან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალზე შორს მდებარეობენ, რომ მათ რაიმე მნიშვნელოვანი ურთიერთობები ინტერესები გააჩნდეთ ეკონომიკურ ან სამხედრო სფეროში. მაგრამ ვენესუელაში მომხდარი პოლიტიკური აფეთქების ექომ კავკასიამდეც მოაღწია: საქმე იმაშია, რომ რეგიონის ქვეყნებს ლათინურ ამერიკასთან ბევრი სიმბოლური სიუჟეტი აკავშირებთ და ისინი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური პრაგმატიკა ან გამოწვევათა ერთიანობა უსაფრთხოების სფეროში“-ნათქვამია რუსული გამოცემის, «Евразия - Эксперт»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ სერგეი მარკედონოვის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
საქართველო: ტერიტორიული მთლიანობის ძიებაში
მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის სპიკერი ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა, საქართველო ერთ-ერთი პირველი გამოვიდა ანალოგიური ინიციატივით. უფრო მეტიც - ქართული დიპლომატიური უწყების განცხადებაში განსაკუთრებით არის ხაზგასმული, რომ ოფიციალურმა თბილისმა თავის დროზე ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად აღიარა და შესაბამისად, ნიკოლას მადუროს ქვეყნის პრეზიდენტად არ ცნობს.
საქართველოს ასეთი მიდგომა მოულოდნელი არ ყოფილა იმიტომაც, რომ თბილისი, სამხრეთკავკასიური სახელმწიფოებს შორის, ყველაზე თანმიმდევრულად გამოდის აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირის სახით. გავიხსენოთ, რომ ამას წინათ ათი წელი შესრულდა იმ დღიდან, როცა ხელი მოეწერა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას.
თუმცა თბილისის მოტივები ამ და სხვა შემთხვევებში არ უნდა გავაუბრალოვოთ. დიახ, საქართველო აშშ-სთან დაახლოების მტკიცე და თანმიმდევრული მომხრეა, თბილისს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება სურს და იმავდროულად, არ დაეთანხმა დასავლეთს კოსოვოს დამოუკიდებლად აღიარების საკითხში. კოსოვოს საკითხი, კი, როგორც ცნობილია, აშშ-ის ბალკანური პოლიტიკაში ერთ-ერთ საკვანძო საგარეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა. ესეიგი, საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობა წმიდათა წმინდაა და საფუძველთა საფუძველი ყოველი ქართველი პოლიტიკოსისთვის, ვინც არ უნდა იყოს იგი - ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენელი. ანუ საქართველოს მხარდაჭერა აშშ-სადმი ვენესუელის საკითხში - ეს არა მარტო იმას ნიშნავს, რომ თბილისს სურს ვაშინგტონს ასიამოვნოს, არამედ იმასაც, რომ ლათინურამერიკულ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია თავისი პრინციპისა და ინტერესებისათვის გამოიყენოს.
ქართულ მასმედიაში უკვე ფართოდ მუსირებს თეზისი იმის შესახებ, რომ „ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მსოფლიოს დასავლეთ ნახევარსფეროდან დაიწყებაო“. მართლაცდა, გავიხსენოთ, რომ 2008 და 2009 წლებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ორმა ლათინურამერიკულმა სახელმწიფომ - ვენესუელამ და ნიკარაგუამ აღიარეს... თუმცა ამ აღიარებებს შორის რაღაც განმასხვავებელი ნიუანსები მაინც არსებობს: ნიკარაგუის შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს პრეზიდენტ დანიელ ორტეგას ორ დეკრეტთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და სოხუმ-ცხინვალთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე, ვენესუელის შემთხვევაში კი - ბოლივარული რესპუბლიკის იმდროინდელი პრეზიდენტის უგო ჩავესის დეკლარაციასთან და ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტასთან. ყურადღება მივაქციოთ ერთ გარემოებასაც: არცერთ ზემოთ აღნიშნულ ქვეყანაში არ მომხდარა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარების საპარლამენტო რატიფიცირება.
ამრიგად, საქართველოს უჩნდება შანსი, რომ ქარიზმატული უგო ჩავესის თანამოაზრის - ნიკოლას მადუროს ხელისუფლების დამხობის შედეგად ვენესუელის პოზიცია შეიცვლება. და სავარაუდოდ, შემცირდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ სამხრეთ კავკასიაში სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო კი არ არის, არამედ ხუთიო. თავის დროზე, ყოფილი ქართული ავტონომიების დამოუკიდებლად აღიარებაზე ლაპარაკობდნენ პერუსა და ეკვადორის პრეზიდენტები ოლიანტა უმალა და რაფაელ კორეა, რომლებიც თავიანთი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებას ცდილობდნენ, აშშ-ის დომინირების შესამცირებლად, მაგრამ უგო ჩავესს და დანიელ ორტეგას მაინც არცერთმა არ მიბაძა.
ამჟამინდელ მწვავე კრიზისამდე ცოტა ხნით ადრე ვენესუელაში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია გაიმართა. ამ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად კარაკასში, სხვა ლათინურამერიკული ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებიც ჩავიდნენ. სოხუმისა და ცხინვალის შემდგომი სავარაუდო აღიარების კონტექსტში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სალვადორის პრეზიდენტის სერენა სანჩესის შეხვედრამ რაულ ხაჯიმბასთან და ანატოლი ბიბილოვთან: მიუხედავად იმისა, რომ სერენა სანჩესი ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის - ფარაბუნდო მარტის სახელობის ეროვნული განთავისუფლების ფრონტის ლიდერიც არის და აქედან გამომდინარე, ახლოს დგას ნიკოლას მადუროსა და დანიელ ორტეგასთან, იგი მაინც ფრთხილ პოლიტიკას ატარებს, თავს იკავებს საქართველოს ექს-ავტონომიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებისაგან. სალვადორელმა პრეზიდენტმა მოგვიანებით გაკეტებულ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, აღიარების რაიმე გარანტიის გარეშე.
დასავლეთ ნახევარსფეროსაგან შორს მყოფ [ოსებს და აფხაზებს] შეუძლიათ ბევრი იოცნებონ და ივარაუდონ აღიარების შესახებ, მაგრამ თვითონ ცენტრალური ამერიკის ქვეყნების პოლიტიკოსებს, როგორც ჩანს, კარგად ახსოვთ მექსიკური ანდაზა: „ღმერთამდე ძალიან შორსაა, სამაგიეროდ, ძალიან ახლოსაა აშშ-მდე“. და თუ ნიკოლას მადურო დაემხობა, მათი სიფრთხილე, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან მიმართებით, კიდევ უფრო განმტკიცდება. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ქვეყნების შესახებაც, რომლებიც სოხუმ-ცხინვალის აღიარებას ფიქრობენ.
რასაკვირველია, ამღიარებელი ქვეყნების შემცირება არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს დაუახლოვდებიან, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: საქმე ეხება სიმბოლურ კაპიტალს - ვისთვის როგორ. ვენესუელის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების აქტის ანულირება, რა თქმა უნდა, თბილისისთვის დიპლომატიურ ფრონტზე გამარჯვება იქნება - იმ შემთხვევაშიც კი, თუ სოხუმთან და ცხინვალთან რეალური დაახლოება არ მოხდება. ბუნებრივია, ვენესუელის ნაბიჯი მესამე ქვეყნებში შეფასებული იქნება როგორც აშშ-ის წარმატება (მართალია, ლოკალური, მაგრამ მაინც) რუსეთთან დაწყებულ „მეორე ცივ ომში“.
შედარებისთვის: განა რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ კოსოვო პირველებმა ავღანეთმა და კოლუმბიამ აღიარეს? პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი, მაგრამ სიმბოლური თვალსაზრისით მათ საერთაშორისო ორკესტრი შექმნეს, რომელსაც აშშ დირიჟორობდა და რომელიც მსოფლიო საქმეებში დაუმარცხებელ იმიჯს იქმნიდა.
სომხეთი და აზერბაიჯანი: პრაგმატიკა იდეოლოგიის ნაცვლად
რასაკვირველია, საქართველო და ნაწილობრივ აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვენესუელის ამბების მიმართ გულგრილნი არ არიან, მაგრამ კარაკასში შექმნილ კრიზისულ სიტუაციას ერევანიც და ბაქოც აკვირდებიან. ბევრი მიმომხილველი ვენესუელის პროცესებს „ფერადი რევოლუციების“ კონტექსტში განიხილავს და ამ ლოგიკით ნიკოლ ფაშინიანი ნიკოლას მადუროზე „დასავლეთის ზეწოლას“ უნდა მისალმებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა - იმიტომ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია მოსკოვთან კონსტრუქციული ურთიეერთობების შენარჩუნება. ერევანმა კარგად იცის რუსეთის პოზიცია ვენესუელის მიმართ. ჰოდა, რაში ჭირდება ნიკოლ ფაშინიანს ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ წასვლა და საკუთარი თავისთვის დამატებითი პრობლემების შექმნა?
აზერბაიჯანიც სიფრთხილეს იჩენს: ბაქო მაინცდამაინც არ აქტიურობს ვენესუელის კონფლიქტის რომელიმე მხარის სასარგებლოდ პოზიციის გამოხატვაზე. ამ სიტუაციაში არ უნდა დავივიწყოთ აზერბაიჯანის სტრატეგიული მოკავშირის - თურქეთის თვალსაზრისი: რეჯეპ ერდოღანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იგი ნიკოლას მადუროს ქვეყნის კანონიერ პრეზიდენტად მიიჩნევს და შესაბამისად, მისი დამხობის წინააღმდეგია. თავის დროზე ილჰამ ალიევმა ვენესუელელ კოლეგასთან პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა, ბაქოში ნიკოლას მადუროს ვიზიტის დროს, 2016 წელს. იგი ლათინური ამერიკის სახელმწიფოების ლიდერებიდან პირველი იყო, რომელიც აზერბაიჯანს ეწვია სსრ-ის დაშლის შემდეგ.
რა თქმა უნდა, ილჰამ ალიევს არანაირად არ აწყობს ხელისუფლების ცვლილება მასობრივი პროტესტების შედეგად - ვაითუ აზერბაიჯანის ოპოზიციამ თავს წამოყოს და ვენესუელური სქემით იხელმძღვანელოს.
---------
სერგეი მარკედონოვი - რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რეგიონთმცოდნეობისა და საგარეო პოლიტიკის კათედრის დოცენტი.