გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: შესაძლოა, დეტექტორების დამონტაჟება საცხოვრებელ ბინებში სავალდებულო გახდეს

31-01-2019

გაზის რეგულაციები გასამკაცრებელია და თბილისის მერიას ამ მიმართულებით შესაბამის უწყებებთან უკვე დაწყებული აქვს კონსულტაციები - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქეთევან წამებულის გამზირზე განაცხადა, სადაც სავარაუდოდ, CO-ს დაგროვების შედეგადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა. თბილისის მერმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ რეგულაციების გასამკაცრებლად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მომზადდეს.


„მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობელებს. ყველამ ვიცით, რომ გარე წვის გამათბობლების დახურულ სივრცეში მონტაჟი კატეგორიულად აკრძალულია, მითუმეტეს, კუსტარულად და ეს სერიოზულ შედეგებს იწვევს. მე ახლა გამიჭირდება იმის თქმა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი. ცხადია, პრობლემა ამ მიმართულებით არსებობს. მერიაში მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელთან, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან მქონდა შეხვედრა და ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ამის აუცილებლობა არის. შემთხვევები, შეიძლება, როგორც კომპანიის, ასევე, მობინადრეების დაუდევრობის შედეგად ხდებოდეს“ - განაცხადა თბილისის მერმა.


კახა კალაძის თქმით, შესაძლოა, დეტექტორების დამონტაჟება საცხოვრებელ ბინებში სავალდებულო გახდეს, რასაც მერიაც ხელს შეუწყობს.
„მერიას შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პროექტში, რომ ადამიანებს ამ მიმართულებით გადასახადები შევუმსუბუქოთ. საუბარი იყო ასევე, რომ წითელ ხაზებს შიგნით იყოს ლიცენზირებული, სერტიფიცირებული კომპანიები, რომლებიც დაამონტაჟებენ იმ გამათბობლებს, რომლებსაც თვითონ აბონენტი შეიძენს. დღეისათვის მათ შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერ ადამიანთან მივიდნენ და მონტაჟი განახორციელონ. როგორც ვხედავთ, პრობლემა სერიოზულია და მისი გადაჭრა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930