31-01-2019
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი გამარჯვება და წარმატება“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ.
მისივე თქმით, დღეს სტრასბურგის სასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
„პირველ ყოვლისა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი გამარჯვება და წარმატება. ამას წინ უძღოდა მასშტაბური სამუშაოები და ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, კონკრეტულად კი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. მიჩვეული ვართ და ახალი არ არის, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ დღესდღეობით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და არის წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის“ – აღნიშნავს სოფო ქაცარავა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ეს გადაწყვეტილება დღეს სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.