გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ბექაური: კომისია ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების საცალო ბაზარზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარებას აუცილებლად მიიჩნევს

1-02-2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების ბაზარზე არსებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. სამი თვის განმავლობაში კომისია ფიქსირებული და მობილური ბაზრის ყველა სეგმენტს, მათ შორის, ინტერნეტის, ხმოვანი მომსახურების, მაუწყებლობის ტრანზიტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და პაკეტურ შეთავაზებებს შეისწავლის.


ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად, ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მომზადებულია ცვლილებების პირველი პაკეტი, რომელიც ფიქსირებული და მობილური კომუნიკაციების გარკვეული მომსახურებების დადგენას ითვალისწინებს. კომისიის 2017 წლის 7 სექტემბერის გადაწყვეტილებით, საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილური და ფიქსირებული ქსელის კომპანიებისათვის დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფები მობილურ ქსელში 3,5 თეთრიდან 0,75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში - 2 თეთრიდან 0,28 თეთრამდე შემცირდა. ამასთან, 32 ლარიდან 13 ლარამდე დაიწია გლობალური ინტერნეტის საბითუმო რესურსებთან დაშვების მომსახურების ტარიფმა. ასევე, კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ამოქმედდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად შემცირდა მაგისტრალური არხებით მომსახურების საბითუმო ტარიფები. 15 იანვრიდან მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორებს მცირე და საშუალო ოპერატორების დაშვების ვალდებულებაც დაეკისრათ. ასევე, კომისიამ საცალო ბაზარზე ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგა და უახლოეს მომავალში მონიტორინგს დაიწყებს.


კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს კომისია პრიორიტეტულად იღებს. კახა ბექაური კვლევის დასრულების შემდეგ გარკვეულ მომსახურებებზე ზღვრული ტარიფების შემოღებას არ გამორიცხავს. ”ვფიქრობ, რომ წინ ძალიან საინტერესო და მწვავე პროცესი გველოდება, შესაძლოა ცვლილებები გახდეს საჭირო საცალო და საბითუმო ბაზარზეც. არ გამოვრიცხავ საცალო ბაზარზე სიახლეებს რეგულაციების მხრივ. თუმცა, მე ახლაც მიმაჩნია, რომ საბითუმო ბაზარი არის მთავარი სამიზნე და კომისია სწორად მუშაობს ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, არსებობს რისკები, რომ ვინმემ მნიშვნელოვანი ძალაუფლება არამართლზომიერად გამოიყენოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამართლებრივი ბერკეტი და კომპეტენცია, იმისთვის, რომ ოპერატორებს არაკანონზომიერი ქმედებების განხორციელების უფლება არ მივცეთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების საცალო ბაზარზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარებას აუცილებლად მიიჩნევს.“ - განაცხადა კახა ბექაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930