1-02-2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჯგუფურად განხორციელების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის თავის არიდების განზრახვით და უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდნენ კომერციულ საქმიანობას. კერძოდ, უცხოური ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით სისტემატურად ახდენდნენ ძვირადღირებული საათების შეძენას და შემდგომ, საქართველოში რეალიზაციას.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორცილების შედეგად, საერთო ჯამში მიიღეს დიდი ოდენობით - 1,5 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 218-ე მუხლების მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.