გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია: გამოცდების გაუქმება მისასალმებელი და საჭირო ნაბიჯია

1-02-2019

საატესტატო გამოცდების გაუქმება და ის, რომ ზოგადი უნარები სავალდებულო აღარ იქნება, ერთადერთი მისასალმებელი და საჭირო ნაბიჯია, რაც ჩვენს საგანმანათლებლო რეფორმებში გატარებულა, - ასე აფასებს კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია სკოლებში საატესტატო გამოცდები გაუქმებას.


ბაჩო ოდიშარია: რატომ არ გვჭირდება გამოცდები


რამდენიმე დღის წინ განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ სკოლებში საატესტატო გამოცდები გაუქმდება და მისაღები გამოცდებიდან ზოგადი უნარების საგანს სავალდებულო ფუნქცია მოეხსნება. ბევრი შეშფოთდა ამ ინიციატივის გამო და დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელიც დააბრუნებს ჩაწყობებს და ა.შ. დავიწყოთ იქიდან, რომ დღევანდელი სასკოლო სივრცე არის ნორმალიზებული ძალადობრივი სისტემა, რომელიც ათეულობით ათას სხვადასხვა ინტერესის, უნარების, ცნობიერების მქონე ბავშვს ერთ სიბრტყეზე ათავსებს და აიძულებს მოერგოს მის მიერ აღიარებულ ფორმებს. ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ ფუკო ზუსტად იგივე შინაარსს ხედავდა სკოლებში, როგორსაც ჯარსა და ციხეებში, დამორჩილების, ოპრესირების, კონტროლის და ინსტიტუციონალიზაციის მეთოდიკას. ჯართან მსგავსების საილუსტრაციოდ გამოგვადგება სტენლი კუბრიკის ფილმი მთლიანი ლითონის გარსი, სადაც ყაზარმული დღის წესრიგია ნაჩვენები, მოსამზადებელი სწავლებები, სადაც სხვადასხვა წონის, ფიზიკური ძალის, მოთმინების უნარის, ფსიქიკის და ინტელექტის მქონე ინდივიდებს ერთნაირ ვარჯიშებს აკეთებინებენ, საბოლოოდ მსგავსი წნეხის ქვეშ მყოფი პერსონაჟებიდან ერთ-ერთი ვეღარ გაუძლებს ემოციურ და ფიზიკურ წნეხს და ჩამოუყალიბდება ძალადობრივი ფსიქიკა. ანალოგიური სიტუაციაა სკოლებშიც.


რეალურად დღეს სკოლის ერთადერთ ქმედით ფუნქციად დარჩენილია ელემენტარული, საბაზისო, ზედაპირული ცოდნის გაცემა და სოციალიზაცია. ყველა სხვა ინიციატივა პირიქით, სრულად აცლის შინაარსს სკოლის შედეგიანად ფუნქციონირებას. საგამოცდო საგნებს გადამეტებული ყურადღება ეთმობა მშობლების მხრიდან, რაც ერთი მხრივ იწვევს ოჯახისათვის ხარჯის ზრდას კერძო რეპეტიტორების აყვანის გამო და აძლიერებს ბავშვზე ძალადობას, რადგან თუ მისთვის ნაკლებ საინტერესო საგნების შესწავლაში უწევს თავისუფალი დროის ხარჯვა, შეუძლებელია, რომ ამ საგნებისადმი რეალური ინტერესი გაუღვივდეს ან შეძენილი ცოდნა გრძელვადიანი და ეფექტური აღმოჩნდეს. არცერთი ვალდებულების გამო ნასწავლი გაკვეთილი ზრდასრულობაში მნიშვნელოვან ცოდნად არ გამომყოლია და არ დამმახსოვრებია, იმიტომ რომ დასწავლის მომენტში მხოლოდ ნეგატიური განზომილება ერთვოდა ამ პროცესს. ის ცოდნა რაც ბავშვობიდან დღემდე მახსოვს და გამომიყენებია, არის ისეთი ტექსტები, რომელიც მაინტერესებდა, მომწონდა, ორგანულად მინდოდა მეტის გაგება და თავისუფალ დროსაც დაკარგულად არ ვთვლიდი მათ შესწავლას თუ დავუთმობდი.


ყოველი წუთი, რომელსაც მოსწავლე სკოლის გარეთ მეცადინეობაში ხარჯავს, თუ ეს ეხება ისეთ სწავლებას, რომელიც მისთვის არანაირი მღელვარების ან ინტერესის საგანი არაა, მისთვის აღქმულია როგორც რეპრესია. დღეს კი მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის გამოცდებისთვის რამდენიმე წლით ადრე აწყებინებენ მშობლები ინტენსიურ მომზადებას შვილებს, რაც ფუნდამენტს აცლის ბავშვების რეალური ინტერესების გაღვივების და განვითარების შესაძლებლობას. როდესაც მთელი ორიენტირი კეთდება გამოცდის ჩაბარებაზე, აუცილებლად მოყვება მას თან სტრესი, გადაღლა, უხასიათობა, გონებაგაფანტულობა და მოსწავლის მუდმივი განცდა, რომ სასჯელს ახდევინებენ დანაშულისთვის, რომელიც ვერც ხვდება რაში მდგომარეობს.


ახალგაზრდები სკოლის ასაკში აწყდებიან უამრავ სიახლეს, იმაზე უფრო კომპლექსურს და მნიშვნელოვანს, ვიდრე სკოლაში და ეს სიახლეები შინაგანი ხასიათისაა. თინეიჯერობის პერიოდში, როდესაც სექსუალობა იწყებს გამოღვიძებას, თავს იჩენს მრისხანება, რომელსაც მშობლებთან თუ სასკოლო ავტორიტეტებთან საერთო სინტაქსის არარსებობა, გაუმართავი კომუნიკაცია იწვევს, ჩნდება მრავალი კითხვები, რომლებზე პასუხების არ ქონაც აგრესიას წარმოშობს და სხვა, იმის ნაცვლად, რომ იღებდნენ მზრუნველობით სავსე რჩევებს ზრდასრულობაზე, ისმენდნენ და ეცნობოდნენ მაგალითებს ხელოვნებიდან თუ ისტორიიდან, რომლებიც თვითგამორკვევაში დაეხმარებათ და ხედავდნენ თანადგომას და მზრუნველობას, ერთ მხარეს აწყდებიან ხშირ შემთხვევაში ინდიფერენტულ და აპარტავან მასწავლებლებს, რომლებიც საკუთარ და სკოლის პრესტიჟზე უფრო მეტს ფიქრობენ, მეორე მხრივ კი მშობლებს, რომლებიც სახლში მყოფებს, ისევ სკოლის ნომენკლატურაში უკრავენ თავს და აიძულებენ დაიზეპირონ საგამოცდოდ აუცილებელი და სხვა მხრივ თითქმის უფუნქციო დავალებები.


ხშირად მშობლები შვილების მიმართ დამოკიდებულების განმსაზღვრავ კრიტერიუმებად იმას იყენებენ თუ რამდენად დააკლა თავი მეცადინეობას, რამდენი მაღალი ნიშანი მიიღო, მთელი თავისუფალი დრო სწავლაში თუ გაატარა. ეს კი საკმაოდ დამთრგუნველი მოცემულობაა. ბავშვობის მოწყვლად ასაკში განსაკუთრებით გჭირდება მზრუნველობა, გვერდში დგომა, წახალისება, მხიარულება, ხოლო როდესაც ამას მხოლოდ მაშინ იღებ თუ შენთვის არასასიამოვნო აქტივობას ახმარ მთელ დროს და ენერგიას, აუცილებლად იჩენს თავს უსამართლობის, დაჩაგრულობის, იმის შეგრძნება, რომ მხოლოდ წარმატების მიხედვით გაფასებენ და ა.შ. პოლ ტომას ანდერსონის ფილმში მაგნოლია ერთ-ერთი პერსონაჟი ვუნდერკინდი ბავშვია, რომელიც თავადაც დაინტერესებულია ერუდიციის ამაღლებით, მაგრამ მასზე მამა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს და გამუდმებით აიძულებს წიგნებიდან თავი არ აწიოს, რათა შემდეგ სატელევიზიო ვიქტორინაში შეძლოს გამარჯვება. დასასრულს, დრამატული კლიმაქსის დროს, ბავშვი მამას თხოვს, უფრო კეთილი იყავი ჩემს მიმართო. და ეს ერთგვარი სახელმძღვანელო უნდა იყოს მშობლებისათვის. დაუშვებელია შვილებთან მიდგომები და მოპყრობა მათი სასკოლო მოსწრების მიხედვით იყოს ნაწარმოები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სრულიად მდარე და გაუმართავი საგანმანათლებლო სისტემის ტვყეობაში ვიმყოფებით.


აუცილებელია ჩვენთან მოხდეს განათლების კონცეფციის გადააზრება, როგორც ეს ხდება განვითარებულ ქვეყნებში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დასაქმების ბაზარზე დღეს უკვე შემოქმედებითობა, დამოუკიდებლად და კრიტიკულად აზროვნების უნარი არის ყველაზე მოთხოვნადი და არა რაიმე კონკრეტული ინფორმაციის დაზუთხული ცოდნა. თანამედროვე ცოდნის ეკონომიკაში მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ინტელექტუალური მუშაკი და სწორედ მათ ადამიანურ კაპიტალზეა დამოკიდებული ქვეყნის განვითარება. თუ მართლა გვსურს განვითარება, უნდა დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების მიდგომებს, რომლებიც განათლების დოგმატურ მეთოდიკას უარყოფენ და ახალი კონცეფციების შემოღებაზე მუშაობენ.


ის, რომ საატესტატო გამოცდები უქმდება და ზოგადი უნარები სავალდებულო აღარ იქნება, ერთადერთი მისასალმებელი და საჭირო ნაბიჯია რაც მრავალი წლის მანძილზე ჩვენ საგანმანათლებლო რეფორმებში გატარებულა. ხოლო იმ მეთორმეტე კლასელებს, ვისაც წელს კვლავ უწევთ საატესტატოს ჩაბარება და ამის გამო აქციას აწყობენ, სრული სოლიდარობა მათ პროტესტში. იმედია მალე გვეღირსება ისეთი სასკოლო მოდელი, რომელიც არ იქნება არც დღეს არსებული სადამსჯელო სივრცის მსგავსი და არც გირჩის დაანონსებული იდეოლოგიზირებული სიმახინჯე, საწვრთნელი ბანაკი კერძო საკუთრების მიმართ ფეტიშების განსავითარებლად, არამედ იქნება რეალური შემეცნების და შთაგონების გამომწვევი სასწავლო პლატფორმა.


<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FPOSTV.Analytics%2Fvideos%2F2192210977762005%2F&show_text=0&width=634" width="634" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true" allowFullScreen="true"></iframe>

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930