გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
“kommersant”(რუსეთი): საქართველოსთვის 10 მილიონი ევროს გადახდა რუსეთის ბიუჯეტს არ შეუძლია; დაბლოკავს თუ არა მოსკოვი სტრასბურგის გადაწყვეტილებას

2-02-2019

რუსული გამოცემის, «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, რუსეთი ვალდებულია 2019 წლის პირველ მაისამდე ათი მილიონი ევრო გადაუხადოს საქართველოს მთავრობას საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის გამო, რომელიც 2006 წლის შემოდგომაზე მოხდა.


„მოსკოვის მიერ ევროპული კონვენციის დარღვევის გამო უკანონო დეპორტაციის მსხვერპლნი აღნიშნული თანხიდან 2-დან ევროდან 15 ათას ევრომდე მიიღებს“, - ნათქვამია მასალაში, რომლის ქართულენოვან რეზიუმეს საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:


პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ისტორია, რომელიც თბილისმა ჯერ კიდევ 2007 წელს წარადგინა. აღწერილია სახელმწიფოთაშორისო სადაო საქმის - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ განხილვის ქრონიკა, მხარეთა განცხადებები, სირთულეები დაზარალებულთა ვინაობისა და რაოდენობის დადგენის საკითხში და ა.შ.


მთავარი კითხვა: გადაიხდის თუ არა რუსეთი თანხას?


ევროპულ სასამართლოში რუსეთის რწმუნებული მიხეილ გალპერინი „კომერსანტის“ კორესპონდენტთან ამბობს, რომ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების აღსასრულებლად ყველაზე რთული გზა შეარჩია: „თანხის გადახდის მექანიზმის შემუშავება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს დაევალა და როგორც ჩანს, საკითხს იქ განვიხილავთ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთის 2019 წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებული და ჩამოყალიბებულია“.


კითხვაზე, სთხოვს თუ რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს ECHR-ის გადაწყვეტილების აღსრულების დაბლოკვას - ისე, როგორც ეს „იუკოს“-სთან დაკავშირებით მოხდა, როცა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს კომპანიის აქციონერების სასარგებლოდ 1,9 მილიარდი ევრო გადახდა დააკისრა - მიხეილ გალპერინმა განაცხადა, რომ „ასეთი გეგმები არ არსებობს“. მკითხველს შევახსენებთ, რომ რუსეთის 2019-2021 წლების ბიუჯეტში ის თანხა, რომელიც ECHR-ის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის არის გათვალისწინებული, მხოლოდ 600 მილიონი რუბლის ოდენობითაა ჩადებული, რაც 150 მილიონი რუბლით ნაკლებია საქართველოსთვის გადასახდელ თანხაზე.


როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში ამბობს, „სამართალმა იზეიმა“. მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობა ECHR-ის გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930