4-02-2019
მოსკოვმა და თბილისმა უკვე დაასრულეს იმ პროცედურებზე მოლაპარაკება, რომლებიც აუცილებელია 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკულად რეალიზებისათვის. დოკუმენტი ვაჭრობისა და ტვირთების ტრანზიტისათვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გამოყენებას ითვალისწინებს. რამდენად სწრაფად ამუშავდება შეთანხმებები? ამის თაობაზე «КоммерсантЪ»-ის კორესპონდენტს ელენე ჩერნენკოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ესაუბრება.
- რაღა დარჩა გასაკეთებელი იმისთვის, რომ რუსეთ-საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ამუშავდეს?
- ახლა მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების რეალიზაციის პროცესი ავაწყოთ. ჩვენ ველოდებოდით, სანამ ქართული მხარე თანხას შეიტანდა შვეიცარიული კომპანიისათვის. თანხის შეტანა ნახევარი წლით დაგვიანდა, თუმცა საბოლოოდ ფული მაინც გადაირიცხა. იმედი გვაქვს, რომ 6 თებერვალს ჟენევაში რუსეთისა და საქართველოს უწყებათაშორისო დელეგაციების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შვეიცარიისა და მათი კომპანიის - SGS-ის წარმომადგენლებიც. ჩვენ ძალიან ველოდებით ამ შეხვედრის შედეგებს და ვიმედოვნებთ, რომ პოზიტიური იქნება. თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდება, მაშინ, ამჯერად უკვე საბოლოოდ, საშუალება მოგვეცემა 2011 წლის ნოემბერში დადებული შეთანხმების შესრულება დავიწყოთ.
- ანუ შეიძლება თუ არა უკვე ვთქვათ, რომ შეთანხმება ეს-ესაა ამუშავდება?
- უმჯობესია მაინც ჟენევის შეხვედრის შედეგებს დაველოდოთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის პოლიტიზება არ მომხდარა. [სამიდან] ორი დერეფანი ხომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადის... ამიტომ მოდით, ჩვენს ექსპერტებს მიუკერძოებელი და მშვიდი მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ.
- რას მოგვცემს შეთანხმებების იმპლემენტაციის შესაძლებლობა?
- ტვირთები, რომლებიც საქართველოს გავლით რუსეთში მიდის (არაა სავალდებულო, რომ ეს ტვირთები მხოლოდ ქართული იყო. შეიძლება იყოს სომხეთისაც), დაფიქსირებული იქნება საბაჟო პუნქტებზე შვეიცარიული ფირმის მიერ, შემდეგ კი, შესაბამისი პლომბებით, გაივლიან აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას, გადავლენ რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ეს პლომბები მოიხსნება. ყველა მონაცემი იმ საქონლის შესახებ, რომელიც ამ ტერიტორიებზე გაივლის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას გადაეცემა.
- უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოსთან ან სომხეთთან საქონელთბრუნვის გადიდებას?
- მოდით, მოვლენებს ნუ გადავუსწრებთ. ჯერ მონიტორინგის მექანიზმი უნდა აეწყოს. ზურაბ აბაშიძესთან ერთად მოვილაპარაკეთ, რომ ერთმანეთს თებერვლის ბოლოს შევხვდებით, უკვე ჟენევაში რუსეთისა და საქართველოს უწყებათაშორისო დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ გადავხედავთ ყველა სირთულეებს. ნუ ელოდებით სწრაფ გარღვევას ამ საკითხში. ჩვენ წინ სერიოზული ტექნიკური და ლოჯისტიკური სამუშაო გველოდება, რომელიც დროსა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რუსული მხარე ასეთი მუშაობისთვის მზად არის.
წყარო: «КоммерсантЪ» (რუსეთი)