5-02-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ პარლამენტში გამართულ სესიაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ახლა გამოცდის წინაშეა, - რამდენად შეძლებს ადამიანების უფლებების დაცვას.
„სამართლიანობის იდეასა და ადამიანის უფლებებზე დღეს ყველა ლაპარაკობს. ეს ყალბი სოლიდარობა, რომლის იქითაც, ძალიან სამწუხაროდ, იკითხება არაგულწრფელი დამოკიდებულება, რომელიც კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ გვაქვს ყველაზე დიდი გამოწვევა. ესაა ის, - ვართ თუ არა ერთგულნი იმ ღირებულებებისა და ფასეულობების, რომელსაც ვიცავდით მთელი ამ წლების განმავლობაში. მე მგონია, რომ ეს გამოცდა დგას ქართული ოცნების წინაშე.
ესაა გამოწვევა ჩვენი ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ არ დასრულებულა ის დრო, როცა ადამიანებთან ამ ფორმით საუბრობდნენ. მე გამოცდა ძალიან დიდი ხნის წინ მაქვს ჩაბარებული. ეს აქ მსხდომმა ბატონებმა კარგად იციან. მათ უკვე დაამთავრეს ჩემი გამოცდა. ახლა, როგორც ჩანს, სხვა ჯგუფი ცდილობს, გამოსცადოს ჩემი ნებისყოფა, მაგრამ მე ამას არავის ვურჩევ“ - თქვა ეკა ბესელიამ.