გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, უეს მიჩელს შეხვდა

6-02-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში , ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, უეს მიჩელს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები. შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობას და საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს მთავარი მოკავშირისა და პარტნიორის როლს მაღალი შეფასება მიეცა. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებებით.


შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის, აშშ-ასიგნებების აქტის შესაბამისად.


შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების თაობაზე. აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის, ინტენსიური კომუნიკაცია.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა უეს მიჩელს საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე საკითხებზე აქტიური ჩართულობისა და გულშემატკივრობისთვის. ასევე, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კევინ მოლისთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031