8-02-2019
ექსპერტიზის დასკვნით, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად მდგრადია, თუმცა სარეაბილიტაციაო სამუშაოებს საჭიროებს, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის თბილისის მერიისგან 55 ოჯახს ბინის ქირის კომპენსაცია ერიცხება.
„რაც შეეხება კორპუსის მდგრადობას, სამხარაულის ექპერტიზის დასკვნის მიხედვით, კონსტრუქცია არის მდგრადი, მაგრამ აღენიშნება უმნიშვნელო დაზიანებები. თუმცა მე-6 სართულს აქვს მე-3 და მე-4 კატეგორიის დაზიანებები. აღნიშნულზე ჩვენ მოგვივიდა სამხარაულის რეკომენდაცია, თუ რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს ჩვენი მხრიდან. მათი რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს და კორპუსი იქნება სრულად რეაბილიტირებული. ამის შემდეგ კორპუსი იქნება სრულად უსაფრთხო საცხოვრებლად. უახლოეს მომავალში გვექნება მატერიალური და საინჟინრო ზარალის შესახებ ინფორმაცია, ექსპერტიზის დასკვნა. მას შემდეგ, რაც ყველა პასუხს მივიღებთ, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია განახორციელებს კორპუსის რეაბილიტაციას. რაც შეეხება მეორე კორპუსს, რომელშიც აივნები, ფანჯრები იყო დაზიანებული, იქ ყველაფერი უკვე გაკეთდა, ბუნებრივი აირის მიწოდებაც აღდგა, დასუფთავების სამსახურმა დაიწყო მუშაობა“, - განაცხადა გამგებელმა.
16 იანვარს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. დაკავებულია კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი თანამშრომელი.