12-02-2019
სომხეთში შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც მიკრობიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ეს ცვლილებები ჯერ კიდევ მთავრობამ და ქვეყნის ეროვნულმა საკრებულომ უნდა მოიწონონ. თუმცა, ადამიანები ამ შესაძლებლობის შესახებ უკვე აღტაცებით მსჯელობენ.
სომხეთში მიკრობიზნესად მიჩნეული იქნება ყველა ის კომერციული ორგანიზაცია, რომელთა წლიური ბრუნვა 24 მილიონ დრამს (დაახლოებით 50 ათასი დოლარი) არ აღემატება. მიკრობიზნესი ყველა სახის გადასახადისგან გათავისუფლდება. საბოლოო საგადასახადო ვალდებულების სახით, თითოეული დაქირავებული მუშახელის სანაცვლოდ, მხოლოდ 5 ათასი დრამის (დაახლოებით 10 დოლარის) გადახდა იქნება საჭირო.
სომხეთის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ეკონომიკის განვითარებისთვის სტიმულის მიცემისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ მისწრაფებით ხსნის.
კანონპროექტის ავტორები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ძლიერ არ შემცირდება. სანაცვლოდ კი, ბიზნესით დაკავების საშუალებას ბევრი მოქალაქე მიიღებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვარაუდობს, რომ ეს ქვეყანაში სიღარიბის დონესაც შეამცირებს.