27-01-2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის ორგანიზებით, ახალგაზრდა მეცნიერებისათვის კონფერენცია გაიმართა. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კლუბის წევრებმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკაზე შექმნილი ნაშრომები და ნახატები წარმოადგინეს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სოციალური მიმართულების კაბინეტის, გეოეკოლოგიის კლუბის 16-მა მოსწავლემ. ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან შემდგარმა ჟიურიმ 3 გამარჯვებული გამოავლინა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში.
„ახალგაზრდებმა ძალიან საინტერესო თემები წარმოადგინეს და ამ სფეროში ღრმა ცოდნა გამოავლინეს. გაგვიჭირდა გამარჯვებულის გამოვლენა. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში ჩართულები იყვნენ დაბალი კლასის მოსწავლეებიც, რომლებმაც ამ თემებზე იმუშავეს და აუდიტორიის წინაშე გამოვიდნენ. ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ ინტერესი ამ სფეროს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება“ - ირაკლი გულედანი - სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი.
მსგავსი სახის ღონისძიებების მიზანია სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებში ახალგაზრდების ჩართვა. ასევე, საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების მიმართულების პოპულარიზაცია, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განმტკიცება და ახალგაზრდული იდეების ხელშეწყობა.
„ლაბორატორიაში რამდენიმე თვის წინ ვიყავით ღია კარის დღეზე, დავათვალიერეთ ლაბორატორიები, ჩაგვატარებინეს სხვადასხვა კვლევები და უსაფრთხოების ნორმები აგვიხსნეს. დაგვირიგეს საბავშვო ლიტერატურაც. ამის შემდეგ, უფრო მეტად დავინტერესდი ამ სფეროთი. გამიხარდა, როდესაც ამ თემებზე კონკურსი გამოცხადდა. ჩემი თემა ეხებოდა ნარჩენებს და როდესაც ამ თემაზე ვმუშაობდი, ბევრი საინტერესო ფაქტი შევიტყვე, ეს სფერო მართლა ძალიან საინტერესოა“ - განაცხადა ლუკა ნოზაძემ, კონკურსის გამარჯვებულმა.
18-12-2024