გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სლოვენიის ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს პროფკავშირების ლიდერებთან შეხვედრა გამართა

13-02-2019

სლოვენიის ყოფილმა პრეზიდენტმა, დანილო ტურკმა და საქართველოს პროფკავშირების ლიდერებთან შეხვედრა გამართა, სადაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.


საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ცნობით, შეხვედრა პროფკავშირების გაერთიანებაში წარიმართა. ყოფილი პრეზიდენტი, საერთაშორისო სამართლის პროფესორი და ექსპერტი, ამავე დროს წარმოადგენს „მადრიდის კლუბს“ (Club de Madrid), რომელიც არის მსოფლიოში ქვეყანათა დემოკრატიული ტრანსფორმაციის მხარდაჭერ ყველაზე მსხვილ საერთაშორისო საკონსულტაციო ფორუმს, რომელის წევრებად დღეს გვევლინება სხვადასხვა ქვეყნის 95 ექს-პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.შეხვედრისას, სლოვენიის ყოფილი პირველი პირი და ახლა უკვე საერთაშორისო მრჩეველი, დაინტერესდა საქართველოს პროფკავშირების წინაშე მდგარი გამოწვევებით და ხელისუფლების (როგორც წინა, ისე მოქმედი პოლიტიკური ძალის) დამოკიდებულებით პროფკავშირების საქმიანობის, აგრეთვე მედიაციის, როგორც შრომითი დავების გადაჭრის ინსტრუმენტის მიმართ.


საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან დანილო ტურკმა მიიღო ინფორმაცია და კონკრეტული მაგალითები თუ რამდენად ზედაპირულია საქართველოში ხელისუფლების დამოკიდებულება ზოგადად სოციალური დიალოგის და მისი წარმოების პროცესის მიმართ.დანილო ტურკი დაინტერესდა პროფკავშირების საერთაშორისო კონტაქტებით და თანამშრომლობით. აღინიშნა, რომ მრავლისმეტყველია ის გარემოებებიც, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი დღეს პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტად და ამავდროულად პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტადაა არჩეული. მისი განცხადებით, ეს მეტყველებს თუ რამდენად დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა და ავტორიტეტი აქვთ საქართველოს პროფკავშირებს.


მხარეებმა ცალკე აღნიშნეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიკაციის მნიშვნელობა და ქვეყანაში მათი სრულფასოვანი იმპლემენტაციის აუცილებლობა. ამ კუთხით, განიხილეს პროფკავშირების როლი და ხედვა საქართველოს მიერ 2017 წელს რატიფიცირებულ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 144-ე კონვენციის სრულფასოვან ამოქმედებასთან დაკავშირებით. დანილო ტურკის განცხადებით, სლოვენიაში, ახლა, ისევე როგორც მისი პრეზიდენტობის პერიოდში (2007-2012), უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პროფკავშირების ჩართულობას სოციალური პოლიტიკის განსაზღვრის და სამმხრივი დიალოგის პერმანენტული წარმოების საკითხში. 


სლოვენიის ექს-პრეზიდენტთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ „მადრიდის კლუბის“ წარმომადგენლები ლეონ ჰემკემეიერი და ტამარა ელ ქური. სლოვენიის ყოფილი პრეზიდენტი საქართველში ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგისა ცენტრის (EMC), პროექტის INSPIRED+ Georgia-ს ფარგლებში იმყოფება. საავტორო მოხსენება თემაზე: „სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობა და სახელმწიფოს როლი მის მხარდაჭერაში“ - მან თბილისში გამართულ კონფერენციაზე წაიკითხა.


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე  წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031