28-01-2018
აზერბაიჯანის ყოველკვირეულ ჟურნალში გამოქვეყნებულია ინტერვიუ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის („I არხის“) პოლიტიკურ მიმომხილველ რევაზ ქოიავასთან, რომელიც ჟურნალის კორესპონდენტ ჯეიჰუნ ნაჯაფოვს საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის შესახებ ესაუბრება.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
კითხვაზე, „მიიღო თუ არა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა თბილისში ვიზიტის დროს ნათელი პასუხი აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით“, - რევაზ ქოიავა პასუხობს:
„როგორც ჩანს, ამ საკითხში სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოსაგან ვერაფრის მიღება ვერ შეძლო. საქმე მხოლოდ თბილისს არ ეხება, რომელმაც „ხელი დაიბანა“ და შვეიცარიული კომპანიის შუამავლობით სავაჭრო დერეფნების თაობაზე რუსეთთან [2011 წელს] დადებული შეთანხმების რატიფიციკაცია მოახდინა. ახლა ჯერი რუსეთზეა. თბილისს უკვე შეუძლია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში თავის პარტნიორებს უთხრას, რომ მოსკოვთან მიმართებით აღებული მისია შეასრულა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ამ მხრივ უფრო მომგებიან სიტუაციაშია, ვიდრე რუსეთი. თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ამ საკითხში საქართველოს მთავრობას საზოგადოების ნაწილი მკვეთრად აკრიტიკებს და თვლის, რომ დოკუმენტი ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს.
მიზეზები: პირველი - საქართველოსათვის სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა; მეორე - საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა, სავარაუდოდ, ნეგატიურად იქნება აღქმული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - თურქეთ-აზერბაიჯანის მიერ; მესამე - სოხუმი-ერევნის მიმართულებით მოძრაობის აღდგენა ხელს შეუწყობს აფხაზეთის ეკონომიკის რეანიმაციას და აფხაზი სეპარატისტების პოზიციებს გაამყარებს. თუმცა შესაძლოა პირიქით მოხდეს - აფხაზეთი ეკონომიკურად საქართველოზე დამოკიდებული გახდეს.
ყოველ შემთხვევაში, არსებობს მნიშვნელოვანი არგუმენტები იმისა, რომ თბილისი არ დაეთანხმოს სოხუმ-ერევნის რკინიგზის გახსნას. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობას ეს კარგად ესმის და თვლის, რომ ასეთი ფაქტორების ფონზე, საბოლოო ჯამში, რკინიგზა არ ამუშავდება. ეკონომიკური სანქციების პირობებში, არც რუსეთს აქვს რეკონსტრუქციისათვის საჭირო სახსრები“.
ინტერვიუში რევაზ ქოიავა არ ეთანხმება ბაქოელი ჟურნალისტის თვალსაზრისს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხების ანტიქართულ საქმიანობის თაობაზე (არის საფრთხე, რომ თუ აფხაზეთის რკინიგზა ამუშავდება, მაშინ სამცხე-ჯავახეთის „მიაცუმი“ - სომხეთთან გაერთიანება განხორციელდება). პოლიტიკური მიმომხილველის თქმით, იმის მიუხედავად, რაც მასმედიაში იწერება სომხურ სეპარატიზმზე, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის წყალობით სამცხე-ჯავახეთში სიტუაცია მშვიდია.
ინტერვიუში საუბარია აგრეთვე საქართველო-სომხეთის სამხედრო თანამშრომლობის საკითხზე (ნატოს სამხედრო სწავლებებში სომხეთის სავარაუდო მონაწილეობა), სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის არსებულ სადაო საკითხებზე (ტაძრების კუთვნილებასთან დაკავშირებით) და ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფაზე („აზერბაიჯანი საქართველოსთვის გაზის საიმედო მომწოდებელია“).