20-02-2019
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი პირველ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით , მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება.
ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება და მისი ოდენობა ზონების მიხედვით დიფერენცირებული იქნება. პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) და მიმდებარე ქუჩებია.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას არ შეეხება; ასევე, არ შეეხება სრულად ელექტროძრავიან ავტომანქანებს და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს; რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები ქალაქის მასშტაბით; გარდა ამისა, ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15-წუთიანი პარკირებით.
კახა კალაძის ინფორმაციით, საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. შემოსული თანხები კი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აკუმულირდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.