გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«The American Conservative» (აშშ): რატომ ვაღიზიანებთ რუსულ დათვს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებით, რასაც მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს?

24-02-2019

ამერიკული გამოცემა, «The American Conservative» კატონის ინსტიტუტის (აშშ) უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ტედ კარპენტერის სტატიას აქვეყნებს, სადაც ავტორი სეერთებული შტატების ყოფილ და ამჯამინდელ ხელისუფლებას მკაფიოდ აკრიტიკებს იმ პოლიტიკისდ გამო, რაც საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერაში გამოხატება.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:


როგორც ჩანს, ზოგიერთი საშიში საგარეოპოლიტიკური იდეა უკვდავია. ამის ერთ-ერთ მაგალითად უნდა ჩაითვალოს ნატოს გაფართოების პროცესი და წინადადება ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების თაობაზე. ეს კამპანია უკვე ათ წელზე მეტი ხანია გრძელდება და დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობის გაუარესების არსებით ფაქტორს წარმოადგენს.


თავის დროზე ჯორჯ-ბუშ უმცროსის ადმინისტრაციამ, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ აშშ-მა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა რუსეთი არასაკმარისად გააღიზიანეს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ 2004 წელს ნატოში ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკა გაწევრიანდა, რომლებიც უშუალოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაწილებს წარმოადგენდნენ. 2008 წლის აპრილში ამერიკის ადმინისტრაცია უკვე დაბეჯითებით შეეცადა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღებას, მაგრამ ვაშინგტონის ყველაზე საკვანძო ევროპელმა მოკავშირეებმა ამ საკითხში უკან დაიხიეს: როცა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა ნატოს ბუქარესტის სამიტზე მათ შესთავაზა ორივე ქვეყნისთვის „მაპ“-ი მიეცათ, გერმანიამ, საფრანგეთმა და აშშ-ის სხვა პარტნიორებმა თეთრის სახლის სურვილს მხარი არ დაუჭირეს. სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი იხსენებს, რომ ამ საკითხს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი განსაკუთრებით ნეგატიურად უყურებდა: „ანგელა მერკელი ქართველებს არ ენდობოდა, რომლებიც მას კვლავ კორუმპირებულად მიაჩნდა“. გერმანიის ლიდერს ასევე უთქვამს, უკრაინის მმართველ კოალიციაში ნატოში გაწევრიანების საკითხზე ძალიან ღრმა „უთანხმოება“ არსებობს. მართალია, დასავლეთევროპელების უარის ძირითადი მიზეზი უკრაინასა და საქართველოში შექმნილი რთული საშინაოპოლიტიკური სიტუაცია იყო, მაგრამ იმავდროულად ევროპა შეშფოთებას გამოხატავდა - ვაითუ ამ ქვეყნების ნატოში ინტეგრირებამ რუსეთთან ისედაც მყიფე ურთიერთობას ზიანი მიაყენოსო.


მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტზე აშშ-ის წინადადება კიევისა და თბილისასთვის „მაპ“-ის მიცემის თაობაზე არ გავიდა, ეს ფაქტი ვაშინგტონში დამარცხებად არ მიუჩნევიათ: სამიტის დასკვნით დოკუმენტში ჩაიწერა, რომ „ნატო მიესალმება უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას ნატოში გაწევრიანების მიზნით. დღეს ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ორივე ქვეყანა ნატოს წევრი გახდება“. რა თქმა უნდა, დეკლარაციაში მათი მიღების არანაირი ვადები არ გამოცხადებულა, მაგრამ დოკუმენტში საბოლოო შედეგი მაინც ნათლად იყო გამოხატული.


ამ მომენტში კრემლის მრისხანებამ „დუღილის წერტილს“ მიაღწია და მოსკოვმა წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. ჯერ კიდევ დასკვნითი დეკლარაციის მიღებამდე მოსკოვმა პირდაპირ გააფრთხილა სამიტის მონაწილენი, რომ „სამხედრო ბლოკის რუსეთის საზღვრებთან მოახლოება განხილული იქნება როგორც რუსეთის უშიშროების საფრთხედ და რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღება უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა ევროპული მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“.


გერმანიამ, საფრანგეთმა და ამერიკის სხვა ევროპელმა მოკავშირეებმა, სიფრთხილის ერთგვარი დაცვის პარალელურად, ფაქტიურად კვლავ გააგრძელეს კრემლის პროვოცირება, როცა 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის ომის დაიწყო. „რუსეთის აგრესიის“ თავდაპირველი დაგმობა მხოლოდ მას შემდეგ მიყუჩდა, რაც მტკიცებულებები გაჩნდა იმის შესახებ, რომ კრიზისი სამხედრო ფაზაში სწორედ თბილისმა გადაზარდა. „ბებერი ევროპის“ დამოკიდებულება საქართველოსა და უკრაინის მიმართ იგივე დარჩა.


2014 წელს დაიწყო უკრაინის კრიზისის პერიოდი. საფრანგეთი მაინც ურყევად იდგა: პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა 2015 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში მიღება პარიზისთვის არასასურველიაო. ფრანგმა ლიდერმა პოზიცია ალიანსის ვარშავის სამიტზეც დაადასტურა: „ნატო არანაირ როლს არ ასრულებს იმაში, თუ როგორი უნდა იყოს ევროპის ურთიერთობა რუსეთთან. ყოველ შემთხვევაში, საფრანგეთისთვის რუსეთი არც მოწინააღმდეგეა და არც რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს“. გერმანიის საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმეიერმა კი შენიშნა: „ბერლინი მხარს უჭერს ნატოს პარტნიორობას უკრაინასთან და არა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას“.


მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა 2017 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ იგი „ჰორიზონტზე ვერ ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ ალიანსში უკრაინის მიღებას ნატოს ყველა წევრი დათანხმდება, მით უმეტეს, სანამ კვლავ სროლა ისმის“.


რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, სამწუხაროდ, ვაშინგტონის სურვილი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების თაობაზე წლების განმავლობაში არ შემცირებულა. აშშ-ის ოფიციალური პირები კიევ-მოსკოვის დაძაბულმა ურთიერთობამაც ვერ გამოაფხიზლა. პირიქით, როცა ამერიკის მიერ წაქეზებულმა დემონსტრანტებმა ვიქტორ იანუკოვიჩის პრორუსული მთავრობა დაამხეს, რის შემდეგაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა, ამერიკელ ქორებს უკრაინისა და საქართველოსათვის უსაფრთხოების ქოლგის გადაფარების განზრახვა კიდევ უფრო განუმტკიცდათ. 2014 წლის 5 მაისს ჯონ ბოლტონმა, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გამოცემა Weekly Standard-ში ნათლად აღნიშნა, რომ ასეთი ამოცანა ნამდვილად არსებობს: „ბარაკ ობამამ რუსეთის საფრთხეს ყურადღება არ მიაქცია და ამით უკრაინა და საქართველო ბედის ანაბარად მიატოვა. სამწუხაროდ, მან ღიად დატოვა მოწყვლადობის ის ფაქტორი, რომლის განეიტრალებასაც ჯორჯ ბუში 2008 წლის აპრილში ცდილობდა. ბევრი მათგანი დღეს ამტკიცებს, რომ ამერიკას უკრაინის მიმართ ინტერესები არ უნდა ჰქონდეს და ამიტომ კიევისა [და თბილისის] ნატოში მიღების საკითხის განხილვა არ უნდა მოხდეს. ამის მიუხედავად, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას მხოლოდ მათი ნატოში გაწევრიანება უზრუნველყოფს“.


ჯონ ბოლტონის, როგორც პრეზიდენტის მრჩევლის პოზიცია, შეშფოთებას იწვევს. სამწუხაროდ, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერ კამპანიას სხვა კონსერვატორებიც შეუერთდნენ, მაგალითად, ფონდ „მემკვიდრეობასთან“ არსებული დუგლასის ცენტრის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლიუკ კოფი, რომელმაც გამოაქვეყნა მოხსენება სათაურით „საქართველოს ნატოში გაწევრიანება აშშ-სა და ევროპის ინტერესებშია“ (NATO Membership for Georgia: In U.S. and European Interest). ლიუკ კოფმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ვაშინგტონმა საქართველოს ნატოში წევრად მიღების მხარდაჭერა აუცილებლად უნდა გააგრძელოს.


ასეთი ენთუზიაზმი მხოლოდ კონსერვატორების ან ნეოკონსერვატორების წრეებით არ ამოიწურება. „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარებმა დეიმონ უილსონმა და დევიდ კრემერმა 2018 წლის აგვისტოში გამოაქვეყნეს მოხსენება სათაურით „ნატოს გაფართოება - ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფის საწინდარი“.


ავტორთა მტკიცებით, ნატოს გაფართოებას იმ ქვეყნებით, რომლებიც ამას იმსახურებენ, უსაფრთხოების მადესტაბილიზებელი ვაკუუმის შევსება შეუძლია და თუ ეს არ მოხდება, დარჩება „რუხი ზონა“, რომელშიც საქართველო და უკრაინა იმყოფებიან. ნატოელმა მოკავშირეებმა არ უნდა დაუშვან, რომ თბილისის და კიევის მოლოდინები რუსეთის ოკუპაციის მძევლად აღმოჩნდეს“.


სამწუხაროდ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, იგივეს ფიქრობს. 2017 წლის აგვისტოში თბილისში ყოფნის დროს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა დაუდევრად განაცხადა: „მე და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ დეკლარაციას, რომელშიც მკაფიოდაა აღნიშნული, რომ საქართველო საბოლოოდ ოდესმე ნატოს წევრი გახდება. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სწრაფვას ნატოში გაწევრიანებისაკენ. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, რატა ხელი შევუწყოთ ალიანსში მის გაწევრიანებას“.


აშშ-ის ადმინისტრაცია უკვე მჭიდრო სამხედრო ურთიერთობას ავითარებს კიევთან და უკრაინის ნატოში ოფიციალური წევრობის მიუხედავად, მასთან ერთობლივ სამხედრო წრთვნებს ატარებს.. რუსეთი ამგვარ ნაბიჯს პროვოკაციულად მიიჩნევს.


გერმანიის, საფრანგეთის და სხვა დასავლეთევროპული ქვეყნების მიერ გატარებული თავშეკავებული პოლიტიკა საქართველოსა და უკრაინის მიმართ უფრო გონივრულია, ვიდრე ვაშინგტონის პოზიცია. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად მტკიცე აღმოჩნდება მათი წინააღმდეგობა ამერიკული საგარეოპოლიტიკური საზოგადოების გავლენიანი ელემენტებისა და თვით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ.


არსებობს იმის იმედი, ევროპელი მოკავშირეები მტკიცე პოზიციას დააფიქსირებენ და ვაშინგტონს მისივე საგარეოპოლიტიკური ნაბიჯებისაგან აარიდებენ. ნატოს გაფართოება საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებით ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი რუსეთის უსაფრთხოების საკვანძო ზონაში იჭრება.. მოსკოვი, ალბათ, არ დაუშვებს, რომ ასეთი საფრთხე უპასუხოდ დატოვოს. შედეგები კი ყველა დაინტერესებული მხარისათვის ტრაგიკული აღმოჩნდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930