გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის კვლევას მოამზადებს

27-02-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ ოფიციალურად გახსნა შეხვედრა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ “საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის მიმოხილვის“ (Investment Policy Review (IPR) of Georgia) დაწყებას მიეძღვნა.


შეხვედრას ასევე დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, აგრეთვე დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლები.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საინვესტიციო პოლიტიკის მიზანია ქვეყანაში არსებული საინვესტიციო პოლიტიკის სრულფასოვანი შესწავლა. მისი თქმით, რეფორმები, რომლებიც უკვე გატარდა, ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატის შექმნას, თუმცა ყოველთვის არის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად განვითარდეს და გაუმჯობესდეს ეს გარემო.


კვლევას საქართველოს მთავრობის დაკვეთით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ჩაატარებს. მისი დასრულების შემდეგ, გამოიკვეთება რეფორმებისა და ღონისძიებების დამატებითი ჩამონათვალი, რაც საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაში დაეხმარება.


„კვლევა ჩვენ დაგვეხმარება, დამატებით მოვიზიდოთ ინვესტიციები და ამით გამოვიყენოთ შესაძლებლობა, გავხდეთ ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული ეკონომიკა რეგიონში, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება როგორც ინკლუზიურ ზრდაზე, ასევე მოქალაქეთა კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.


OECD-ის მიერ “საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის მიმოხილვის“ ჩატარების ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესწავლა, ქვეყანაში განსახორციელებელი რეფორმების პრიორიტეტულობის განსაზღვრა და აღნიშნულის საფუძველზე საქართველოსთან მიმართებით საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031