გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე გერმანიის ელჩს შეხვდა

28-02-2019

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. პრემიერ-მინისტრი გერმანელ დიპლომატს ქვეყანაში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე ესაუბრა.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების რეფორმას და აღნიშნულ სფეროში გერმანულ მხარესთან თანამშრომლობას. ხაზი გაესვა პროფესიული განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარებისა და გერმანულ მოდელთან მაქსიმალური დაახლოების საჭიროებას.


როგორც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, განათლების რეფორმა და ადამიანური კაპიტალის განვითარება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროების ერთობლივი მუშაობის შედეგად იდენტიფიცირებულია პროფესიები, რომლებშიც კვალიფიციური კადრების დეფიციტია და შესაბამისი სასწავლო პროგრამების სწორად შემუშავებასა და დანერგვაში გერმანულ მხარესთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.


შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე და ამ სფეროში GIZ-ის მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე. დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და საქართველოში არსებული ბიზნესგარემო. პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ელჩმა ასევე იმსჯელეს საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე, რომლის გამართვა უახლოეს მომავალში იგეგმება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031