გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Radio Voice of America» (აშშ): არის თუ არა „ოცნების“ გაცხრილვის პროცესი პირადად ივანიშვილის მიერ მართული?

1-03-2019

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 20 თვით ადრე, ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა. უკვე გადაწყვეტილია, რომ უახლოეს მომავალში, უმრავლესობიდან კიდევ რამდენიმე დეპუტატი გავა.

„ოცნებიდან“ წასულები (ბექა ნაცვლიშვილის გარდა) და წამსვლელები ერთხმად ამტკიცებენ, რომ მმართველი პარტიის შიგნით მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა სასამართლოებში იმ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების მიერ იმართებოდნენ.

პარტიიდან წასულების აზრით, ამ კატეგორიის მოსამართლეების უვადო გამწესებით „ქართული ოცნების“ "ღირებულებები საბოლოოდ დაინგრა". თუმცა, ყველა მათგანი ცდილობს პასუხისმგებლობა არა პარტიის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარეს დააკისროს და ბიძინა ივანიშვილის საჯარო კრიტიკას ერიდება.

„ოცნებაში“ დარჩენილები კი, რომლებიც რეპუტაცია-შებღალულ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას მხარს უჭერენ, ირწმუნებიან, რომ პარტიაში კონფლიქტის მიზეზი გაცილებით ღრმაა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირებას უკავშირდება. ამ აზრს გარკვეულწილად იზიარებს, თინა ხიდაშელი, რომელსაც 2015-16 წლებში „ოცნების“კოალიციურ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა: „არ მჯერა იმ ადამიანების უმრავლესობის გულწრფელობის, რომლებიც უმრავლესობას დღეს „ღირებულებითი დაპირისპირების“ გამო ტოვებენ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ წასვლა-წამოსვლის მთავარი მიზეზი იმაშია, რაზეც უმრავლესობის ე.წ „ახალი“ ლიდერები ღიად საუბრობენ, რომ შემდეგი არჩევნებისთვის ქართული ოცნება ახალი ადამიანების ძიების პროცესშია. ვიღაც-ვიღაცეები პარტიაში საკუთარ ადგილს ვეღარ პოულობენ, ამიტომ დღესვე იწყებენ საკუთარი პლატფორმის გაკეთებას, რომ 2020-თვის პოზიციები არ დაკარგონ. საზოგადოების ისეთ მნიშვნელოვან თემას კი, როგორიც არის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი, ოცნების ე.წ ძველები მხოლოდ იყენებენ ახალი პლატფორმის შექმნის პროცესში.“

„ქართულ ოცნებაში“ ე.წ. „ძველების“ უკმაყოფილება მეცხრე მოწვევის პარლამენტის ამუშავებისთანავე დაიწყო - ანუ მას შემდეგ, რაც ე.წ „ახლებმა“, პარლამენტის 38 წლის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მეთაურობით, მართვის სადავეები მთლიანად ხელში იგდეს და „ძველმა გვარდიამ“ გავლენა დაკარგა. ვინაიდან, ბიძინა ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პარლამენტში აუცილებელი 115 ხმა ჰქონოდა, 2016-17 წლებში, მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობაში სხვადასხვა ბანაკებთან ლავირებით, მან კონფლიქტის დროებით დაკონსერვება მოახერხა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის რღვევა ოფიციალურად 2018 წლის ივლისიდან დაიწყო, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები 8 თვის დამტკიცებული იყო. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი მწვავე კრიტიკის გამო, პარტიიდან „ძველი გვარდიელი“, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გარიცხეს. ამ დროს მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი უკვე დაბრუნებული იყო. 2018 წლის მაისში, პოლიტიკაში მობრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მილიარდერმა სწორედ „ოცნების“ ხელისუფლების შიგნით დაწყებული დაპირისპირება დაასახელა, რომელიც, მისივე თქმით, „პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს გასცდა“.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოულოდნელი გადაყენებისა და გიორგი ბახტაძის დაწინაურების შემდეგ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა. შიდა დაპირისპირება ერთგვარად მინელდა „ოცნებისთვის“ ურთულესს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მაგრამ „საერთო მტერთან“ მორიგი გამარჯვების შემდეგ, უკვე ახალი ძალით იფეთქა.
„ახლების“ ახალი სამიზნე, ყველაზე გავლენიანი „ძველი გვარდიელი“ ეკა ბესელია და მისი ბანაკი გახდა. ეკა ბესელია ჯერ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობას ჩამოაშორეს, რასაც დომინოს ეფექტით, უმრავლესობიდან, ბანაკის სხვა წევრების გასვლა მოჰყვა. ნიშანდობლივია, რომ კონფლიქტის დროს, სოციალურ ქსელში, დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა.
არის თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ოცნების“ გაცხრილვის პროცესი მართული პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ? იქნებ ისეა საქმე, რომ მილიარდერმა გარკვეულწილად დაკარგა კონტროლი პარტიაში მიმდინარე პროცესებზე? ამ კითხვებზე მოსაზრებები გაყოფილია. „ქართულ ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, თუ რა შეთავაზება გაუკეთა ბიძინა ივანიშვილმა „ეკა ბესელიას ბანაკს“: „უმრავლესობის ბოლო დახურულ თათბირებზე, რომელსაც ვესწრებოდი, ბიძინა ივანიშვილმა მისცა მათ თავისუფალი არჩევანის გაკეთებას შესაძლებლობა. უთხრა, გინდათ დარჩით და იმუშავეთ, გნებავთ - წაბრძანდით, გნებავთ - გაგრიცხავთ. აირჩიეთ, რომელი ვარიანტიც თქვენ გაწყობთ. გარიცხვაზეც იყო საუბარი, თუ ვინმეს გსურთ, რომ დაჩაგრულის იმიჯი შეგექმნათ საზოგადოების თვალში, თქვით და გაგრიცხავთ, არც ეგ არის პრობლემა. დღეს, მიდის ოპოზიციის ჩანაცვლების პროცესი, თუ აკვირდებით, თავად ოპოზიცია არ უყურებს ჩვენგან წასულებს სანდოდ და საიმედოდ. ისინი აცნობიერებენ, რომ ეს არის ჩანაცვლების პროცესი და ბუნებრივია, საკუთარი ამომრჩევლის ხმის გაყოფა სხვისთვის არავის უნდა“.


2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ბიძინა ივანიშვილის პარტია ეტაპობრივად ჯერ იმ კოალიციურ პარტნიორებს გაეყარა, ვისი დახმარებითაც ხელისუფლებიდან "ნაციონალური მოძრაობა" ჩამოშორა: 2013 წელს - „ხალხის პარტიას“, 2014 წელს - „მწვანეთა პარტიას“ და „თავისუფალ დემოკრატებს“, 2016 წელს კი „რესპუბლიკელებს“ და „ეროვნულ ფორუმს“. 2019 წლის თებერვალში, „ქართულმა ოცნებამ“ განქორწინების პროცესი უკვე პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ეკა ბესელიას „ბანაკთანაც“ დაასრულა. ამჟამად რიგში „სოციალ-დემოკრატები“ არიან, ისინი „ოცნებასთან“ ფლირტის დასრულებას რამდენიმე დღეში გეგმავენ.


დღეისათვის 150 კაციან პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 110 დეპუტატი დარჩა, საპარლამენტო უმცირესობას „ევროპული საქართველო“ 20 დეპუტატით წარმოადგენს. „ნაციონალურ მოძრაობას“ – 6, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ 5 დეპუტატი ჰყავს.


ეკა ბესელიას ბანაკშიც ჯერჯერობით 5 დეპუტატია (2018-ში გარიცხული დავით ჭიჭინაძის ჩათვლით, რომელმაც „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქცია 25 თებერვალს დატოვა), „სოციალ-დემოკრატი“ ბექა ნაცვლიშვილი კი მოღვაწეობას ისევ დამოუკიდებლად აგრძელებს. იგი უმრავლესობას საპენსიო რეფორმის გამო დაუპირისპირდა.


ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების“ დაშლის შემდეგ, რაც დღეების ამბავია, უმრავლესობის დეპუტაციის უფრო შემცირებასთან ერთად, პარალელურად იზრდება, უმცირესობის ფორმირებისთვის აუცილებელი ქვორუმი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ევროპული საქართველოს” საპარლამენტო უმცირესობაც ავტომატურად დაიშლება.


თუ ეკა ბესელიას ბანაკს უმრავლესობიდან დეპუტატები კიდევ შეუერთდა, რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია, მაშინ ბესელიას „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად, საპარლამენტო უმცირესობის ფორმირების შანსი უჩნდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930