გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბახტაძე: მომავალ მთავრობებს ვალდებულება ექნებათ, მთლიანი შიდა პროდუქტის 6 %-ის ინვესტიციები განახორციელონ განათლების სექტორში

12-03-2019

მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მომავალ მთავრობებს ვალდებულება ექნებათ, მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტის ინვესტიციები განახორციელონ განათლების სექტორში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების სექტორისთვის ბიუჯეტი მიმდინარე წელს გაიზარდა და მომდევნო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ეროვნული იდეის შექმნის პროცესში ყველას მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია.

მთავრობის მეთაურმა დააანონსა ღია პლატფორმის შექმნა, რომელიც გააერთიანებს როგორც ონლაინ, ასევე პირდაპირი შეხვედრების ფორმატებს და მასში მონაწილეობას მიიღებენ დარგის ექსპერტები, პედაგოგები, დირექტორები, რექტორები, სტუდენტები, მეცნიერები, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა დაინტერესებული მხარე.


„ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ ხორცშესხმა ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის, რომელიც სცდება რეფორმების ჩარჩოებს.

ამ იდეის ფარგლებში ვიწყებთ ზრდასრულთა სწავლების სისტემის განვითარებას პროფესიული განათლების ფარგლებში, რაც გახლავთ განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ნაწილი. ჩვენ მოქალაქეებს შევთავაზებთ სიახლეს, რომელიც გამოიწვევს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების მიხედვით პროფესიულ გადამზადებას და მათ სწრაფ დასაქმებას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის სამუშაო ადგილებს ჩვენს ეკონომიკაში. ამავე დროს, სახელმწიფო დააფინანსებს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნება მაღალი დასაქმების პოტენციალის მქონე სფეროებად. ხელმისაწვდომი იქნება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსები სამშენებლო, მომსახურების, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და ეტაპობრივად გაფართოვდება სხვა სფეროებითაც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება სწრაფი და ეფექტიანი საშუალება და რაც იქნება სიღარიბის დაძლევისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930