გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
ევროპა ცუკერბერგის ახალი გეგმის წინააღმდეგ

14-03-2019

მარკ ცუკერბერგი ევროპელ რეგულატორებს უპირისპირდება.


როგორც ამერიკის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტი (CEO) იუწყება, ცუკერბერგი გეგმავს, გააერთიანოს ვათსაფი, ფეისბუქი და ინსტაგრამი, რაც სოციალური მედიის გიგანტის კუთვნილებაში არსებული პლატფორმების მომხმარებელთა კომუნიკაციას გაამარტივებს.


სავარაუდოა, რომ გეგმას ევროპაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვება. გასულ წელს უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის გამო რეგულატორებმა უკვე გააფრთხილეს ცუკერბერგი და შეახსენეს მას, რომ ფეისბუქის მიერ მომხმარებელთა მონაცემების გასაჯაროება უკანონოა.


ამის შესახებ იანვარში მონაცემთა დაცვის ირლანდიურმა კომისიამ (DPC) განაცხადა. გაფრთხილება ეხმიანებოდა „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ცუკერბერგი თავის საკუთრებაში მყოფ აპლიკაციათა ინფრასტრუქტურების გაერთიანებას გეგმავდა.


ირლანდია ევროკავშირის რეგულატორ ქვეყნებს მეთაურობს, რადგან კომპანიის რეგიონული სათავო ოფისი სწორედ აქ მდებარეობს.


ფეისბუქის ოფიციალური განცხადების მიხედვით, გეგმა ჯერ კიდევ საწყის სტადიაზეა და ინტეგრაციას გარკვეული დრო სჭირდება. მიუხედავად ამისა, კომპანია ირლანდიელ რეგულატორებთან კვლავ გააგრძელებს მოლაპარაკებებს უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით, თუმცა ცუკერბერგის გეგმებთან დაკავშირებული პრობლემები ამით არ მთავრდება.


გარდა ირლანდიელებისა, მოვლენებს ეხმიანებიან გერმანელი რეგულატორებიც. მათი თქმით, ცუკერბერგი ფეისბუქის დომინანტურ პოზიციას ბოროტად იყენებს, რაც ინსტაგრამის, ვათსაფისა და სხვა აპლიკაციების საკუთრებაში არსებული პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაში ვლინდება.
ცუკერბერგის მტკიცებით, სერვისების გაერთიანება მათ უფრო მოსახერხებელს ხდის, შეტყობინებების დაშიფვრა კი უსაფრთხოებას გაზრდის.
პოლ ბერნალი, აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მედიასამართლის ლექტორი და უსაფრთხოების ექსპერტი, ამბობს, რომ ცუკერბერგის არგუმენტები ვერ შეაჩერებს ევროპელ რეგულატორებს.


„იმის მტკიცებით, რომ რეალური გამოწვევა შეტყობინებათა შინაარსია, ცუკერბერგი ყურადღების გადატანას ცდილობს იმ საკითხიდან, რომელიც რეალურადაა მნიშვნელოვანი“, - აცხადებს ბერნალი.


მისივე თქმით, შეტყობინებათა სერვისების გაერთიანება გაამწვავებს ფეისბუქის პრობლემებს „ფეიქ ნიუსებთან“ დაკავშირებითაც.


სოციალური მედიის გიგანტმა 2014 წლის რეგულაციური მიმოხილვის დროს განაცხადა, რომ ვათსაფისა და ფეისბუქის გაერთიანებით ერთი აპლიკაციის მომხმარებელთა ტელეფონის ნომრები მეორეს არ დაუკავკშირდებოდა, თუმცა ორი წლის შემდეგ ზუსტად ასეც მოხდა. ცუკერბერგის თქმით, ეს შეცდომა იყო, ევროპელებისათვის კი აღიარება საკმარისი არაა.


ამჟამად რეგულატორებსა და ცუკერბერგს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პოზიციების დათმობას კი არცერთი მხარე არ აპირებს.





წყარო: edition.cnn.com

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930