14-03-2019
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პროექტის "მინისტრის პირისპირ" ფარგლებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა მოწვეულ საზოგადოებას თავდაცვის უწყებაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და "მინისტრის დირექტივები 2019" პირადად გააცნო.
მათივე ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. ასევე საუბარი დაგეგმილ ადგილობრივ და საერთაშორისო სწავლებებს შეეხო. ლევან იზორიამ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის და სამხედრო განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობებისა და სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.
პროექტ "მინისტრის პირისპირ" ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეხვედრა მედიის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან უკვე გამართა. 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.