გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნატოს გენერალური მდივანი ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვას ეხმიანება

14-03-2019

ოკუპირებული გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო გარემოებაში დაღუპვის ფაქტს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეხმიანება.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს მხარდაჭერა ძლიერია.

"რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება საქართველოს უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები. ამ შემთხვევის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთი არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების აღიარებით. გარდა ამისა, გამუდმებით წევენ საოკუპაციო ხაზს, ასევე ვხედავთ სხვა აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ასე რომ, ეს არის მაგალითი, რატომაც უჭერს ნატო საქართველოს მხარს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს სამიტზე.


დღეს, საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პასკალ მუნიემ იმედი გამოტქვა, რომ საქმის გამოძიება იქნება გამჭირვალე და კეთილსინდისიერი, რომელიც დაადგენს სიმართლეს.


"პირველ რიგში მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. ყოველ ჯერზე, როდესაც ადგილი აქვს მსგავს შემთხვევებს ეს წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ უაღრესად შეშფოთებულები ვართ. დიდი იმედი გვაქვს, რომ გამოძიება, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს იქნება გამჭირვალე კეთილსინდისიერი და დადგინდება რეალობაში რა მოხდა. იმიტომ რომ მედიიდან ძალიან სხვადასხვაგვარი ინფორმაცია მოდის, მაგალითად თვითმკვლელობის, სასტიკად ცემის თუ სხვა ფაქტების შესახებ, რაც გარკვეულ დაბნეულობას იწვევს. თუმცა ფაქტი, რომ ახალგაზრდის გარდაცვალება მოხდა რუსეთის სამხედრო ბაზაზე არის საგულისხმო ინფორმაცია და საჭიროა გამახვილდეს ამაზე ყურადღება" - აღნიშნა პასკალ მუნიემ.


ცნობისთვის, ამჟამად ექსპერტები ადგენენ, კვარაცხელიაზე ძალადობა მის სიცოცხლეშივე მოხდა თუ გარდაცვალების შემდეგ.

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ჩატარდა გარეგნული დათვალიერება. ასევე, აიღეს ქსოვილოვანი მასალა. ცხედარს ყელის მიდამოში აღენიშნება ქსოვილოვანი ღარი, სისხლნაჟღენთები და მცირე ზომის დაზიანებები. ცენტრის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან გარდაცვალების ფაქტი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი პატიმრის მიმართ დადგა.


ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ოკუპანტებმა ქართულ მხარეს 13 მარტს, საღამოს გამოსცეს. ის ექსპერტიზის შემდეგ სენაკში გადაასვენეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930