გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტში "დამოუკიდებელი დირექტორების როლი კორპორაციულ მართვაში" პრეზენტაცია გაიმართა

14-03-2019

„დამოუკიდებელი დირექტორების როლი კორპორაციულ მართვაში" - ამ თემაზე გაიმართა პრეზენტაცია და დისკუსია პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების, ასევე, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით.


ღონისძიება გახსნა და მის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.


მისი თქმით, ამ შეხვედრის ორგანიზატორების მიზანია პარლამენტის წევრებს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს თვალნათლივ აჩვენონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელ დირექტორთა არსებობა კორპორაციების სამეთვალყურეო საბჭოებში.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მსგავსი დიალოგი ყოველთვის საინტერესოა, ვინაიდან ეს ხელს უწყობს საინტერესო მსჯელობის განვითარებას.

„რაც უფრო მეტია აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ეს უზრუნველყოფს საკითხების განხილვაში მეტ ჩართულობას, ერთი მხრივ, ჩვენი საზოგადოების, დაინტერესებული მხარეების და, მეორე მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული საკითხების შემუშავების დროს ამ საკითხების უფრო ეფექტურად გადაჭრას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


მან იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ აქტუალური გახდება ანალოგიური დიალოგები და ასეთი თანამშრობლობით უფრო ეფექტური კანონმდებლობის მიღებასაც შეძლებენ და კანონმდებლობასაც კიდევ უფრო მეტად დახვეწენ.


ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიების მიზანია კორპორაციული მართვის ძირითადი არსის, ზოგადი პრინციპების, მართვის თანამედროვე სტანდარტებისა და ამ პროცესში დამოუკიდებელი დირექტორების როლის განხილვა პარლამენტის წევრების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენელთა ჩართულობით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში კორპორაციული მართვის კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესების პროცესში კანონმდებელთა ინფორმირებულ მონაწილეობას.


კორპორაციული მართვის თანამედროვე სტანდარტებსა და დამოუკიდებელი დირექტორის ინსტიტუტზე ისაუბრა თავის გამოსვლაში დამოუკიდებელი დირექტორების გაერთიანების გამგეობის წევრმა, მეცნიერმა ტარიელ გვალიამ.

ქართულ კანონმდებლობაში კორპორაციული მართვის საკითხებს მიუძღვნა გამოსვლა დამოუკიდებელი დირექტორების გაერთიანების გამგეობის წევრმა, სამართლის დოქტორმა ვიქტორ ყიფიანმა.


თეონა კონტრიძემ, საქართველოს ეროვნული ბანკის კორპორაციული მართვისა და საზედამხედველო პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ისაუბრა თემაზე - „კორპორაციული მართვის მოთხოვნები საფინანსო ინსტიტუტებისთვის: სავალდებულო და ნებაყოფლობით შესასრულებელი ნორმები".

მისი თქმით, უკვე შემუშავებულია კორპორაციული მართვის საერთო კოდექსის პირველადი სამუშაო ვერსია, შემუშავებულია ერთიანი სტანდარტები არასაბანკო და სხვა საწარმოებისათვის, რომლებიც უახლოეს ხანში გამოქვეყნდება განხილვისათვის.


თემაზე მოსაზრებები დააფიქსირა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კორპორაციული მართვის ექსპერტმა, დოქტორმა კორპორაციულ მართვაში, ბორის ჯანჯალიამ, რომლის თქმით, ბოლო წლებში კანონმდებლობა გარკვეულწილად შეიცვალა და პროგრესიც არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ პროფესიული დირექტორების განვითარებას ქვეყანაში.


კორპორაციული მართვის მთავარი ღერძის - სამეთვალყურეო საბჭოს - კვალიფიციური ფუნქციონირების აუცილებელ პირობად კი, როგორც საჯარო, ასევე კერძო კომპანიებში, საბჭოში დამოუკიდებელი წევრების არსებობა განიხილება.

ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზეც, რომ არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა დახვეწას საჭიროებს.


ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031