15-03-2019
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, თამარ ჩუგოშვილის, აკაკი ზოიძის, სოფიო ქაცარავას, ნინო წილოსანის, არჩილ თალაკვაძის, გიორგი გაჩეჩილაძის, ზაზა ხუციშვილის, კახაბერ კუჭავას და შოთა ხაბარელის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები:
"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ".
როგორც მომხსენებელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განმარტა, ცვლილება ეხება ახალი დანაშაულის გაჩენას სისხლის სამართლის კოდექსში, რაც გულისხმობს კონკრეტულ ქმედებას.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა 2017 წლის მარტის ბოლოდან გაუჩნდა და სამწუხაროდ, ამ პერიოდის შემდეგ, ძალიან მოიმატა საქართველოდან არალეგალური მიგრაციის ტალღამ ევროკავშირში.
შემოთავაზებული ცვლილებების ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის საკითხზე საუბრისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირის მასშტაბით, ყველა ქვეყანაში დასჯადია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის თავშესაფრის მიღება და ზოგადად, ქვეყანაში უკანონოდ დარჩენა კრიმინალიზებულია და არსებობს ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებიც.
მისივე თქმით, კანონპროექტი არ გულისხმობს იმ პირების პასუხისმგებლობას, რომლებიც უკანონოდ ანუ ვადის დარღვევით იმყოფებიან შენგენის სივრცეში. თამარ ხულორდავამ ასევე აღნიშნა, რომ კანონი მხოლოდ ევროკავშირზე არ გავრცელდება, არამედ აქ საუბარია უკანონო მიგრაციაზე ნებისმიერ ქვეყანაში.
წარმოდგენილი ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამაშვილმა შეაფასა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.
13-01-2025