15-03-2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის პროგრამაში «Здесь и сейчас» გადაიცა რეპორტაჟი მოსკოვში რესტორნის „არაგვის“ დახურვის შესახებ.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ვიდეომასალის ტექსტურ ვერსიას შემოკლებით:
„თუ გენერალ პავლე სუდოპლატოვს დავუჯერებთ, მოსკოვში, ტვერის ქუჩაზე მდებარე ქართულ რესტორან „არაგვში“,ომის დაწყებიდან მესამე დღეს, 1941 წლის 25 ივნისს, ფაშისტურ გერმანიასთან სეპარატისტულ ზავზე მოლაპარაკება გამართულა... თუმცა იოსებ სტალინმა 1941 წლის სამი ივლისისათვის ზავის დადება უკვე გადაიფიქრა. მაგრამ აქ მთავარი გერმანელებთან შეხვედრის კოდური ადგილია - „არაგვი“, რომელიც თვითონ ლავრენტი ბერიას მოსცვლია აზრად. ეს ფაქტი მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რა დონის საკითხები წყდებოდა „არაგვის“ კეთილმოწყობილ სარდაფებში...
ყურძენი და პომიდორი - ზამთარში, შებრაწული წიწილა და ქართული ხალხური სიმღერების გუნდი, კაპელა საბჭოური ატრიბუტებით და ეს ყველაფერი 2000 წელს გაქრა - ევროპიზაციის ტალღაზე, რესტავრაციის გამო, „არაგვმა“ მუშაობა შეწყვიტა. შემდეგ საძირკველში მე-17 საუკუნის პალატების ნაშთები აღმოაჩინეს და პროცესი გაჭიანურდა. რესტორანი კვლავ გაიხსნა 2016 წელს, დიდი ზეიმით და რეკლამით, მაგრამ ორი წელიც არ გასულა და... ისევ დაიხურა. რატომ?
ბოგდან ბაკალეიკოს რეპორტაჟი:
მოსკოვის ცენტრში მდებარე საქართველოს მცირე ნაწილს ვეღარ ვნახავთ. რესტორანი „არაგვი“, რომელმაც თითქმის 80 წელი მუშაობდა, უკვე დაიხურა, როგორც ჩანს, საბოლოოდ.
„არაგვის“ სათავსოები რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის - სასტუმრო „დრეზდენის“ ნაწილს წარმოადგენს. შენობამ დღევანდელი სახე 1930-იან წლებში მიიღო, როცა აქ ქართული სამზარეულოს რესტორანი გაიხსნა, ლონგინოზ სტაჟაძის ხელმძღვანელობით. ამბობენ, რომ „არაგვი“ ლავრენტი ბერიას წინადადებით დაუარსებიათ. საბჭოთა პერიოდში „არაგვში“ მთელი საბჭოთა ელიტა იკრიბებოდა ხოლმე - მსახიობებითა და ფეხბურთელებით დაწყებული, ჯაშუშებითა და პარტიული მოღვაწეებით დამთავრებული.
„არაგვის“ ირგვლივ ყოველთვის ბევრი ლეგენდა იბადებოდა - ამბობენ, რომ თითქოს აქ იოსებ სტალინისა და უინსტონ ჩერჩილის საიდუმლო მოლაპარაკება გაიმართაო. ხმები დადიოდა, რომ რესტორან „არაგვში“, მოსკოვის „სპარტაკის“ ფეხბურთელებს, ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ, თითქოსდა საბჭოთა კავშირის თასი გირაოდ მიუციათ, ქეიფის ფული რომ გადაეხადათ... სერგეი მიხალკოვს თურმე „არაგვში“ ყოფნის დროს მოსვლია აზრად საბჭოთა კავშირის ახალი ჰიმნის ფრაზები... ხოლო საბჭოთა მზვერავი პავლე სუდოპლატოვი რესტორანში ფაშისტებთან საიდუმლო მოლაპარაკებას მართავდა. აქ ყოფილან უცხოელი ვარსკვლავებიც - რობერტ დე ნირო, რიჩარდ ბარტონი, ჯონ სტეინბეკი... „არაგვის“ საბჭოთა კინორეჟისორების საყვარელი ადგილიც იყო - ხშირად რესტორნის დარბაზებს ფილმების დეკორაციებად იყენებდნენ.
გაზეთ „ვედომოსტის“ ინფორმაციის თანახმად, „არაგვს“ კომპანია „ტაშირი“ მართავდა. როგორც წყარო მიუთითებს, შესაძლოა დახურვის მიზეზი ის კონფლიქტია, რომელიც რესტორნის მფლობელს - რუსეთის სომეხთა კავშირის თავმჯდომარეს არა აბრამიანსა და მმართველი კომპანიის „ტაშირის“ მფლობელს სამველ კარაპეტიანს შორის მოხდა. მართალია, „ტაშირის“ წარმომადგენელმა ამ ინფორმაციას კომენტარს არ გაუკეთა, მაგრამ მაინც განაცხადა, რომ რესტორნის დახურვა ობიექტურმა მიზეზებმა გამოიწვია: საქმე ეხება ავტოსადგომის უქონლობას და რადგანაც, რესტორნის შესასვლელთან, ტვერის ქუჩაზე ავტომანქანების დგომა აიკრძალა, შესაბამისად, რესტორანში მიმსვლელთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიკლო. ბოლო დროს „არაგვი“ უკვე წაგებით მუშაობდა.
„არაგვის“ სათავსოთა საერთო ფართობი 1,8 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, აქვს ათი დარბაზი და 240 ადგილი. ჯერ-ჯერობით, რესტორნის სამომავლო ბედი გაურკვეველია.
წყარო: «ТВ Дождь» (რუსეთი)