გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იზორია ჯარისკაცებს: განცხადებები თითქოს ამ დანაშაულმა სისტემური ხასიათი მიიღო, ღიმილის მომგვრელია

15-03-2019

"განცხადებები თითქოს ამ დანაშაულმა სისტემური ხასიათი მიიღო, ღიმილის მომგვრელია პირველ რიგში მათთვის, ვინც წლების განმავლობაში აქ მსახურობდა და იციან, რა პრობლემები არსებობდა ჯარში,"- ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისში" წვევამდელებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს.


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისეთი ობიექტური შემფასებლები და დამკვირვებლები, როგორიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან, ხედავენ თუ რა დიდი პროგრესი აქვს თავდაცვის უწყებას, ხოლო განცხადება თითქოს ადგილი აქვს ინსტიტუციურ პრობლემებს, პირველ რიგში, ჯარისკაცის შეურაცხყოფაა.


"მინდა გამოვთქვა არა მარტო მინისტრის, არამედ, მთლიანად ქართული ჯარის პოზიცია, რადგან ისინი ასეთ დაუმსახურებელ კრიტიკას, ასეთ იმიჯის შემლახველ დამოკიდებულებას ძალიან მგრძნობიარედ და სენსიტიურად აღიქვამენ, რადგან მათ წლების განმავლობაში, საკუთარი ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს, რათა თავდაცვის ძალები იყოს ინსტიტუციურად ძლიერი და მსოფლიოში აღიარებული. ეს არ არის არც მათი და არც ჩემი სუბიექტური შეფასება, არამედ, ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროს აღიარება, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის, გაძლიერებისა და ინსტიტუციური აღმშენებლობის საქმეში. ეს დადასტურდა გუშინ ნატოს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშშიც, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული თუ რა დიდ პროგრესს აღწევს ქვეყანა, უკვე პრაქტიკული იმპლემენტაციის კუთხით და როგორ უახლოვდება საქართველო ნატოს. ასე რომ, განცხადებები თითქოს ეს საამაყო ინსტიტუტი 1990-იან წლებს უბრუნდება, თითოეული საამაყო ჯარისკაცისთვის შეურაცხმყოფელია, რადგან ისინი წარმოადგენენ და ქმნიან ინსტიტუტს, ინტიტუტი კი ემყარება კანონის უზენაესობას, დისციპლინას და სწორედ ამით ვართ აღიარებულები",- განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისში" რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად ჩატარდა, დროულად მოხდა იმ პირების დაკავება, ვისაც ამ დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის ბრალი.


"ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ერთ ინციდენტთან და ამ ინციდენტის ფარგლებში სხვადასხვა ეპიზოდთან. ერთი ინციდენტის ფარგლებში წვევამდელების ერთგვარ დაპირისპირებაზეა საუბარი, სადაც ორმა წვევამდელმა სხვა წვევამდელებზე განახორციელა ფიზიკური ზეწოლა და ასევე, ამ ფიზიკური ზეწოლის შედეგად სურდათ სახელფასო ბარათების მოპოვება. თანაც წვევამდელები, რომლებიც არიან დაკავებულები ამ ინციდენტის შემდეგ, სულ რაღაც ორ დღეში ასრულებდნენ სავალდებულო სამსახურს ჯარში.


მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაზარალებულმა, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დაზიანებები,არც ჩვენი სტრუქტურის ფარგლებში არსებულ მაკონტროლებელ ორგანოსთან, არც სამედიცინო პუნქტში, არც მეთაურთან არ უთქვამს, თუ რამ გამოიწვია ეს დაზიანება, მან ეს ახსნა სხვა გარემოებებით. მეტიც, ითხოვა რა მან გათავისუფლება, გავათავისუფლეთ და შემდეგ ოჯახის წევრებს გაუზიარა სიმართლე. როგორც კი ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ, ერთ დღეში ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები და დავადგინეთ რეალურად რაც მოხდა. შესაბამისად, დროულად მოხდა იმ პირების დაკავება, ვისაც ამ დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის ბრალი. ამ საკითხზე ბევრი სპეკულაცია იყო, კატეგორიულად გამოვრიცხავ ოფიცრების მონაწილეობას"-განაცხადა ლევან იზორიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930